ლოცვა, რომელიც 12 მაისს უნდა წაიკითხოთ
1746993797
მოსკოვის პასუხი ევროპას - ლიდერების შეთავაზებას ვლადიმერ პუტინი ეხმაურება და კიევს პირდაპირ მოლაპარაკებების განახლებას სთავაზობს. 2022 წლის შემდეგ პირველად, შეხვედრის ადგილი ისევ სტამბოლი, მაგიდაზე კი ისევ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დოკუმენტია.
თემაზე განცხადებას აკეთებს რუსეთის პრეზიდენტი - ვლადიმერ პუტინი ამბობს, რომ ახლა დროა მხარეები კვლავ დაუბრუნდნენ მოლაპარაკების მაგიდას და ის ამ კუთხით სთავაზობს კიდეც კონკრეტულ ლოკაციასა და დროს ომში მყოფ ქვეყანას. ვლადიმერ პუტინის თქმით, ნებისმიერ ადამიანს, მათ შორის ქვეყანას, რომელსაც აქვს სურვილი, რომ ევროპის კონტინენტზე ომი დაასრულოს, შეუძლია 15 მაისს ჩავიდეს სტამბოლში და შეუერთდეს იმ მოლაპარაკებებს, რომელსაც რუსეთი ოფიციალურ კიევთან გამართავს.
პარალელურად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ პუტინმა უკვე აცნობა ოფიციალურ თურქეთსაც. საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით სხვადასხვა მედიასაშუალებები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ ანკარა მზაობას გამოთქვამს რუსეთ-უკრაინის ომში მხარეებს შორის შუამავლობისთვის.
კიევი კი ისევ მოსკოვის პასუხს ელოდება. უკრაინა მოლაპარაკებებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყებს, თუ ცეცხლი 12 მაისიდან 30 დღით უპირობოდ შეწყდება.
ვლადიმერ პუტინის განცხადებას ასევე ეხმიანება ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელიც თავის პოზიციას კვლავ არ ცვლის და ამბობს, რომ მიუხედავად პუტინის განცხადებისა, მთავარი მიზანი კვლავ ცეცხლის უპირობო შეწყვეტაა 30 დღით.
"კიევში სამიტის დასრულების შემდეგ ყველანი ვესაუბრეთ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს. კარგი დიალოგი იყო - პოზიტიური და კონკრეტული. მადლობელი ვარ პრეზიდენტ ტრამპის.
ჩვენ საერთო შეხედულებას ვიზიარებთ: დაუყოვნებლივი, სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტა, რაც საჭიროა მინიმუმ, 30 დღით. წინადადებით გამოვდივართ, ეს ორშაბათს, 12 მაისს დაიწყოს. რუსეთის პასუხს ველოდებით.
წინადადება მაგიდაზე იდო საუდის არაბეთში საუბრების დაწყებიდანვე, როდესაც ის პირველად შეერთებულმა შტატებმა წამოწია. ცეცხლის შეწყვეტა საუკეთესო მომენტი იქნება დიპლომატიისთვის. უკრაინა მზად არის შეხვედრებისა და მოლაპარაკებებისთვის, ნებისმიერ ფორმატში", - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.