ჩვენ არ გავჩერდებით, სანამ ჩვენს მოსახლეობას ისრაელის ჩრდილოეთში არ დავაბრუნებთ - „ცაჰალის“ გენშტაბის უფროსი

„ცაჰალის“ გენშტაბის უფროსი

ისრაელის თავდაცვის არმიის („ცაჰალის“) გენერალური შტაბის უფროსმა ჰერცი ჰალევიმ განაცხადა, რომ ისრაელი ლიბანში „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ დაწყებულ სამხედრო ოპერაციას არ გააჩერებს, სანამ ქვეყნის ჩრდილოეთში მოსახლეობა სრულად არ დაბრუნდება საკუთარ სახლებში. ინფორმაციას ებრაული მედია ავრცელებს.

„ჩვენ არ გავჩერდებით, სანამ [ჩრდილოეთში] მცხოვრებ ადამიანებს უსაფრთხოდ არ დავაბრუნებთ“, - განაცხადა ჰალევიმ „ცაჰალის“ ჩრდილოეთ სარდლობისა და 91-ე დივიზიის ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრის დროს.

მან ასევე დასძინა, რომ ისრაელის თავდაცვის არმია სამხედრო ოპერაციებს ატარებს როგორც ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში, ასევე ბექაას ველზე.

ისრაელის ჩრდილოეთ ნაწილში, რომელიც ლიბანს ესაზღვრება, მცხოვრები ადამიანების ევაკუაცია მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ლიბანში მოქმედმა „ჰეზბოლამ“ დაბომბვების ინტენსივობა გაზარდა. ამის ფონზე ისრაელის მთავრობამ 1 ოქტომბერს ლიბანში სახმელეთო ოპერაცია დაიწყო.