ჩრდილოეთსა და სამხრეთში მიმდინარე ომის კონტექსტში, სამხრეთ კავკასიაში გამავალი სავაჭრო გზები უფრო მნიშვნელოვანი ხდება, ვიდრე ოდესმე - მარტა კოსი

მარტა კოსი

ჩრდილოეთსა და სამხრეთში მიმდინარე ომის კონტექსტში, სამხრეთ კავკასიაში გამავალი სავაჭრო გზები უფრო მნიშვნელოვანი ხდება, ვიდრე ოდესმე, – ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისარმა, მარტა კოსმა, ერევანში ვიზიტის დროს განაცხადა.

ევროკომისრის თქმით, ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ბევრი რამ მოხდა, მსოფლიო უფრო არასტაბილური გახდა და ამან კიდევ ერთხელ აჩვენა, თუ რატომ არის მუშაობა სამხრეთ კავკასიაში ასეთი მნიშვნელოვანი.

„ამან აჩვენა საიმედო პარტნიორებისა და მეგობრების ყოლის მნიშვნელობა და სწორედ ასე ვხედავთ ჩვენ სომხეთს. ეს მართლაც მნიშვნელოვანი წელია სომხეთისთვის. მაისში სომხეთი უმასპინძლებს ევროპის პოლიტიკური საზოგადოების სამიტს, რასაც მოჰყვება ევროკავშირი-სომხეთის პირველი სამიტი, რომელიც აჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს რეგიონი ევროპისთვის და რამდენად ღრმა გახდა ჩვენი პარტნიორობა. ჩრდილოეთსა და სამხრეთში ომის ფონზე, სამხრეთ კავკასიაში გამავალი სავაჭრო გზები უფრო მნიშვნელოვანი ხდება, ვიდრე ოდესმე“, – განაცხადა მარტა კოსმა.