ჩინეთში ალცჰაიმერის "ეპიდემიაა" - რა არის ამის მიზეზი

ალცჰაიმერი

გამოცემა PLOS ONE-ში გამოქვეყნებული ახალი კვლევის მიხედვით, ჩინეთში ალცჰაიმერისა და დემენციის სხვა ფორმების შემთხვევების რაოდენობა საგანგაშო ტემპით იმატებს. ამით ის თითქმის სხვა ყველა რეგიონს აჭარბებს, მაგრამ რატომ ხდება ასე?

ეს საკითხი ფუდანის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებმა შეისწავლეს.

ამ ქვეყნის მოსახლეობაში დემენციის სიხშირე გლობალურ საშუალო მაჩვენებელს ბევრად აჭარბებს. მეტის გასაგებად სპეციალისტებმა 30 წელზე მეტხნიანი გლობალური მონაცემები გააანალიზეს. შედეგები სავალალოა: 1990-დან 2021 წლამდე პერიოდში ჩინეთში დემენციის შემთხვევები გასამმაგდა, როცა მსოფლიოში ამ დიაგნოზის მქონეთა საერთო რაოდენობა გაორმაგდა. 

საინტერესოა, რომ ჩინეთში დემენცია ქალებში უფრო გავრცელებულია, რაც უმეტესწილად იმის დამსახურებაა, რომ ისინი უფრო დიდხანს ცოცხლობენ. სამაგიეროდ, კაცებში ამ მიზეზით სიკვდილიანობა შედარებით ხშირია.

სამომავლო პროგნოზის გასაკეთებლად ავტორებმა მოწინავე სტატისტიკური მოდელები გამოიყენეს და მომდევნო 15 წლის სავარაუდო ტენდენცია გამოიკვლიეს. აღმოჩნდა, რომ თუ საზოგადოებრივი ჯანდაცვის მხრივ ცვლილებები არ იქნება, დემენციის მაჩვენებელი იქ ზრდას განაგრძობს.

რაც შეეხება დემენციის რისკფაქტორებს, კვლევამ აჩვენა, რომ ერთ-ერთი სისხლში შაქრის მაღალი დონეა. ეს დღესდღეობით მსოფლიოს მასშტაბით დემენციასთან დაკავშირებული, თავიდან არიდებადი პირველი რისკფაქტორია. ასეთია მოწევა და სხეულის დიდი მასაც, განსაკუთრებით კაცებში.

მეცნიერები ასკვნიან, რომ ჩინეთში დემენციის ასეთი გავრცელების მიზეზი პოპულაციის ზრდა და დემოგრაფიული ცვლილებებია— ხანდაზმულების რაოდენობა იმატებს, ახალშობილებისა კი იკლებს.ამის მიუხედავად, სისხლში შაქრის დონით კონტროლითა და მოწევაზე უარის თქმით, შესაძლოა, მაჩვენებლები შემცირდეს, მით უფრო შედარებით ხნიერ ზრდასრულებში.