ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ პეკინი აფასებს ირანის ვალდებულებას, არ შეიმუშაოს ბირთვული იარაღი და აღიარებს ირანის ლეგიტიმურ უფლებას, გამოიყენოს ბირთვული ენერგია მშვიდობიანი გზით

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

ჩინეთი მხარს უჭერს ირანს ეროვნული სუვერენიტეტის, უსაფრთხოების დაცვაში და აფასებს ირანის მზადყოფნას, ეძიოს პოლიტიკური გადაწყვეტა დიპლომატიური არხებით, – ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვან იმ, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრთან, აბას არაღჩისთან შეხვედრის დროს განაცხადა.

ვან ის თქმით, ამჟამინდელი რეგიონული სიტუაცია ომიდან მშვიდობაზე გადასვლის კრიტიკულ ეტაპზეა და ჩინეთი მიიჩნევს, რომ საომარი მოქმედებების სრული შეწყვეტა აუცილებელია, კონფლიქტის განახლება მიუღებელია და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოლაპარაკებების გაგრძელება.

საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებით, საერთაშორისო საზოგადოება იზიარებს საერთო შეშფოთებას სრუტეში ნორმალური და უსაფრთხო გადაადგილების აღდგენის შესახებ. როგორც ვან იმ აღნიშნა, ჩინეთი იმედოვნებს, რომ ჩართული მხარეები დროულად უპასუხებენ საერთაშორისო საზოგადოების მტკიცე მოწოდებებს.

ჩინეთს საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ბირთვულ საკითხთან დაკავშირებით, პეკინი აფასებს ირანის ვალდებულებას, არ შეიმუშაოს ბირთვული იარაღი და ამავდროულად აღიარებს ირანის ლეგიტიმურ უფლებას, გამოიყენოს ბირთვული ენერგია მშვიდობიანი გზით.

„ჩინეთი მხარს უჭერს, რომ სპარსეთის ყურისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებმა თავიანთი ბედი საკუთარ ხელში აიღონ, ხელს უწყობს ირანსა და სპარსეთის ყურის სხვა ქვეყნებს შორის დიალოგს კეთილმეზობლობისა და მეგობრობის მისაღწევად და მხარს უჭერს რეგიონული მშვიდობისა და უსაფრთხოების არქიტექტურის შექმნას, სადაც რეგიონის ქვეყნები ერთად მონაწილეობენ, იცავენ საერთო ინტერესებს და მიაღწევენ საერთო განვითარებას“, – აღნიშნა ვან იმ.

ვან იმ ასევე განაცხადა, რომ ჩინეთი ირანის საიმედო სტრატეგიული პარტნიორია და მზად არის, განამტკიცოს და გააღრმაოს პოლიტიკური ორმხრივი ნდობა ირანთან, შეინარჩუნოს და გააძლიეროს მაღალი დონის ვაჭრობა, გააღრმაოს ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში და გააგრძელოს ჩინეთ-ირანის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის განვითარება.

თავის მხრივ, აბას არაღჩიმ მადლობა გადაუხადა ჩინეთს მისი მტკიცე პოზიციისთვის, განსაკუთრებით ვაშინგტონისა და თელ-ავივის დაგმობისთვის და პეკინი თეირანის გულწრფელ მეგობრად მოიხსენია. არაღჩიმ ხაზი გაუსვა, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა გაძლიერდება არსებულ ვითარებაში. არაღჩიმ ირანის წინააღმდეგ მიმდინარე ომი „ღია აგრესიად და საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევად“ შეაფასა.

დიპლომატიური გზის შესახებ საუბრისას, ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ თეირანი მოლაპარაკებებში ყველა ძალას გამოიყენებს თავისი კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად. მანვე აღნიშნა, რომ ირანი არ დაკმაყოფილდება ვიდრე „სამართლიან და ყოვლისმომცველ შეთანხმებას“ არ მიაღწევს.