1757189592
ჩეხეთის უსაფრთხოების სამსახური - ჩეხეთის, რუმინეთის და უნგრეთის სპეცსამსახურებმა ევროპაში მოქმედი ბელარუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს

ჩეხეთის, რუმინეთის და უნგრეთის სპეცსამსახურებმა ევროპაში მოქმედი ბელარუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, – ამის შესახებ ჩეხეთის უსაფრთხოების სამსახური იუწყება.
პრაღაში პერსონა ნონ გრატად გამოაცხადეს ბელარუსის საელჩოს თანამშრომელი, რომელსაც ჩეხეთის სპეცსამსახურებმა „დიპლომატის საფარქვეშ მოქმედი სადაზვერვო სამსახურის ოფიცერი“ უწოდეს.
რუმინეთში კი დაკავებულია მოლდოვის სპეცსამსახურების ყოფილი მაღალჩინოსანი, რომელიც გამოძიების მტკიცებით, მინსკის სასარგებლოდ ჯაშუშობდა.
ჩეხეთის უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ევროპაში მოქმედი სადაზვერვო ქსელი ქმნიდა „ბელარუსის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტს“, რომელიც მუშაობდა აგენტების ქსელის შექმნასა და სადაზვერვო ინფორმაციის შეგროვებაზე.
„მადლობას ვუხდი ჩეხეთის უსაფრთხოების სამსახურსა და ჩეხეთის დიპლომატიას ბელარუსი ჯაშუშების გამოვლენისა და დასჯისთვის, რომლებიც ჯაშუშობით იყვნენ დაკავებული. ჩვენ არ მივცემთ აგენტებს ჩვენს ქვეყანაში სეირნობის უფლებას და დავიცავთ ჩეხეთის რესპუბლიკას“, – წერს სოციალურ ქსელ „იქსში“ ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იან ლიპავსკი.
დიპლომატის სახელი, რომელსაც ჩეხეთის დასატოვებლად 72 საათი მისცეს, არ სახელდება.
ჯაშუშური ქსელის გამოვლენის შემდეგ ჩეხეთის სპეცსამსახურების ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ გაიხსენა პრაღის წინადადება, რომლის მიხედვითაც შენგენის ზონაში რუსი და ბელარუსი დიპლომატების გადაადგილება უნდა შეიზღუდოს. ეს წინადადება ევროკავშირის დონეზე იყო განხილული, მაგრამ კონსენსუსი ჯერ მიღწეული არ არის.