ბენიამინ ნეთანიაჰუ მის წინააღმდეგ კორუფციის საქმეზე მიმდინარე პროცესზე კიდევ ერთხელ გამოცხადდა

 ბენიამინ ნეთანიაჰუ

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ თელ-ავივის სასამართლოში მის წინააღმდეგ კორუფციის საქმეზე მიმდინარე პროცესზე ჩვენების მისაცემად კიდევ ერთხელ გამოცხადდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „ესოშიეთიდ პრესი“ ავრცელებს.

ისრაელის პრემიერს კორუფციაში სდებენ ბრალს, რასაც ის კატეგორიულად უარყოფს. ბენიამინ ნეთანიაჰუს წინააღმდეგ სასამართლო პროცესი 2020 წელს დაიწყო. მას ბრალი წაუყენეს კორუფციასთან დაკავშირებულ სამ სხვადასხვა საქმეზე – მექრთამეობაში, თაღლითობასა და ნდობის ბოროტად გამოყენებაში. ნეთანიაჰუ ქვეყნის პირველი მოქმედი პრემიერ-მინისტრია, რომლის წინააღმდეგაც გამოძიება მიმდინარეობს. ისრაელის კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტს აქვს უფლებამოსილება, შეიწყალოს ან შეამსუბუქოს სასჯელი სასამართლოში გასამართლებულ პირზე და შეწყალების ბრძანება გასცეს სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, თუ ეს საზოგადოებრივი სიკეთისთვისაა მიჩნეული. ამასთან, გასულ კვირას, ქნესეთში გამოსვლისას აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჰერცოგს პრემიერ-მინისტრის შეწყალებისკენ მოუწოდა.