„ბებიის მეთოდი“ - ბელგიაში, სტომატოლოგს 73 ქალი პაციენტის სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ

ბელგიის პოლიცია

ბელგიაში სტომატოლოგის საქმეს იძიებენ, რომელსაც 30 წლის განმავლობაში ქალ პაციენტებზე სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ. გამოძიების მიხედვით, ექიმი ქალებს არარსებულ „ყელის ჰიგიენის“ პროცედურას უტარებდა, რასაც თავად „ბებიის მეთოდს“ უწოდებდა. სინამდვილეში კი, გამოძიების თანახმად, ეს სექსუალური ძალადობის ფორმა იყო. ინფორმაციას The Brussels Times ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, პროკურატურამ 72 წლის სტომატოლოგისთვის, Carl S.-ისთვის, ხუთწლიანი პატიმრობა მოითხოვა. მას 1995-დან 2025 წლამდე პერიოდში 73 ქალი პაციენტის მიმართ სექსუალურ ძალადობას ედავებიან.

გამომძიებლების ინფორმაციით, სტომატოლოგი პაციენტებს ე.წ. „ყელის ჰიგიენის“ პროცედურას სთავაზობდა. თუმცა, ასეთი სამედიცინო პროცედურა ოფიციალურად არ არსებობს. ექიმის აღწერით, „ბებიის მეთოდის“ დროს ის თითებს პაციენტების ყელში ღრმად ყოფდა.

საქმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გარემოებად დაზარალებულთა სქესი სახელდება. 25 დაზარალებულის ადვოკატის განცხადებით, ბრალდებულის ქმედებების შესახებ არსებული მონაცემებით, მსხვერპლთა შორის არც ერთი მამაკაცი არ ყოფილა.

„მსხვერპლთა შორის არც ერთი მამაკაცი არ არის, თითქოს ბრალდებულის ყელის დეზინფექციით მხოლოდ ქალებს შეეძლოთ სარგებლობა“,- განაცხადა ადვოკატმა.

ბრალდებულმა მის წინააღმდეგ წარდგენილი ბრალდებების უმეტესობა აღიარა. გამოძიების ფარგლებში ასევე გამოიკვეთა შემთხვევები, როდესაც სტომატოლოგმა რამდენიმე პაციენტს ზოგადი ანესთეზიის ქვეშ ოპერაცია ჩაუტარა.

ერთ-ერთი ქალის განცხადებით, პროცედურის შემდეგ მას სასქესო ორგანოების არეში ტკივილი დაეწყო. მისი საქმის გარემოებები ცალკე განიხილება.

საქმეზე სასამართლო განხილვა გრძელდება. საბოლოო გადაწყვეტილება სასამართლოს ჯერ არ მიუღია.