AXIOS: ტრამპი ირანს 3-5 დღეს აძლევს - მოლაპარაკებების ბედი ბეწვზე ჰკიდია

ტრამპი

აშშ-ის ადმინისტრაციამ ირანს რამდენიმე დღე მისცა, რათა საქმეები მოაგვაროს და მოლაპარაკებების მაგიდას მიუჯდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ზავი დასრულდება. ინფორმაციას AXIOS-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა იუწყება, პრობლემა არა ვაშინგტონში, არამედ თავად თეირანშია, სადაც მართვის ერთიანი ცენტრი არ არსებობს.

„ტრამპი მზადაა ზავი კიდევ სამი-ხუთი დღით გააგრძელოს, რათა ირანელებმა საკუთარი საქმეები მოაგვარონ. ეს უსასრულოდ არ გაიწელება“, - ციტირებს გამოცემა ერთ-ერთ ამერიკელ ჩინოვნიკს.

წყაროს ცნობით, ირანის შიგნით სამოქალაქო პირებსა და ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის წარმომადგენლებს შორის მოხდა რღვევა. ქვეყნის უზენაესი ლიდერი, მოჯთაბა ხამენეი კავშირზე არ გამოდის.

„ვხედავთ, რომ ირანის შიგნით მომლაპარაკებლებსა და სამხედროებს შორის აბსოლუტური რღვევა მოხდა. არცერთ მხარეს უზენაეს ლიდერთან წვდომა არ აქვს. ის კონტაქტზე არ გამოდის“, - განაცხადა ამერიკელმა ჩინოვნიკმა.

როგორც AXIOS-ი იუწყება, გასულ კვირას ცნობებმა უთანხმოების შესახებ გარეთ გამოჟონა. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა, მაგრამ გუშაგთა კორპუსმა ეს განცხადება არ გაითვალისწინა და მინისტრს საჯაროდ თავს დაესხა.

გამოცემის ცნობით, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი დელეგაციასთან ერთად ისლამაბადში გასაფრენად მზად იყო. ირანელები ჯერ აცხადებდნენ, რომ მიიღებდნენ მოლაპარკებებში მონაწილეობას, ხოლო შემდეგ ამ ცნობებს უარყოფდნენ.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საკუთარ გუნდთან თათბირი ჩაატარა და გადაწყვიტა დიპლომატიას კიდევ ცოტა დრო მისცეს.