Axios: აშშ-მა გაეროს უშიშროების საბჭოს ღაზაში საერთაშორისო ძალების განთავსების შესახებ რეზოლუციის პროექტი წარუდგინა

გაერო

აშშ-მა გაეროს უშიშროების საბჭოს რამდენიმე წევრს ღაზის სექტორში საერთაშორისო ძალების განთავსების შესახებ რეზოლუციის პროექტი გაუგზავნა. ინფორმაციას Axios-ი ავრცელებს.

რეზოლუციის პროექტი გრიფით „მგრძნობიარე, მაგრამ არა საიდუმლო“ აშშ-ს და სხვა მონაწილე ქვეყნებს ღაზის მართვისთვისა და მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის საჭირო ფართო უფლებებს მისცემს. მოსალოდნელია, რომ სპეციალური საერთაშორისო მისია ღაზაში 2027 წლამდე გაგრძელდება, თუმცა საჭიროების შემთხვევაში მისი გახანგრძლივებაც იქნება შესაძლებელი.

როგორც Axios-ი იუწყება, უახლოეს დღეებში გაეროს უშიშროების საბჭოს წევრები შეიკრიბებიან და ამერიკულ პროექტზე იმსჯელებენ, ხოლო მოგვიანებით მას კენჭს უყრიან. ერთ-ერთი ამერიკელი ჩინოვნიკის განცხადებით, ღაზის სექტორში პირველი ძალები 2026 წლის იანვრამდე უნდა განთავსდნენ.

მისი თქმით, უსაფრთხოების საერთაშორისო ძალები (ISF) „იძულების, და არა სამშვიდობო ძალები იქნება“. სამხედრო კონტინგენტის შემადგენლობაში რამდენიმე ქვეყნის ჯარისკაცი შევა, რომლებსაც ღაზის „მშვიდობის საბჭო“ დაამტკიცებს. ჩანაფიქრის მიხედვით, საბჭოს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უხელმძღვანელებს.

უსაფრთხოების საერთაშორისო ძალების ამოცანა ისრაელთან და ეგვიპტესთან ღაზის საზღვრის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ადგილობრივი მოსახლეობისა და ჰუმანიტარული კორიდორების დაცვა იქნება. საერთაშორისო ძალები აგრეთვე გადაამზადებენ ღაზის პოლიციას.

უსაფრთხოების საერთაშორისო ძალებს „ჰამასის“ განიარაღების მანდატიც ექნება, თუ დაჯგუფება ამას თავად არ გააკეთებს.