აშშ-ში უკრაინელი ქალის მკვლელობაში ბრალდებული, კრიმინალური ოჯახის წევრი აღმოჩნდა, რომელთაც არაერთი ნასამართლეობა აქვთ - Dailymail

უკრაინელი

აშშ-ში, 23 წლის უკრაინელი ლტოლვილის მკვლელობაში ბრალდებული, კრიმინალური ოჯახის წევრი აღმოჩნდა, რომელთაც არაერთი ნასამართლეობა აქვთ. ინფორმაციას dailymail-ი ავრცელებს.

როგორც ბრიტანული გამოცემა წერს, 34 წლის დეკარლოს ბრაუნ უმცროსი, გამოცდილი კრიმინალი და შიზოფრენიკია, რომელსაც ბრალი ედება ჩრდილოეთ კაროლინას შტატის ქალაქ შარლოტში, მატარებლის ვაგონში ირინა ზარუცკაიას დანით დაჭრაში.

სასამართლო და სამართალდამცავი ორგანოების დოკუმენტების თანახმად, მის და-ძმებს და მამას არაერთი ნასამართლეობა აქვთ.

ბრაუნ უმცროსის ძმამ, სტეისიმ, 2012 წლის ოქტომბერში 65 წლის მამაკაცი მოკლა და პოლიციისგან შარლოტის ტრამვაით გაიქცა. 2014 წლის აპრილში, მან მეორე ხარისხის მკვლელობა და კიდევ ორი შეიარაღებული თავდასხმის ეპიზოდი აღიარა.

მეკლენბურგის ოლქის პროკურატურის ცნობით, ძმას 27-დან 36 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. პატიმრობაში ყოფნისას იგი 44 დანაშაულისთვის გაასამართლეს, მათ შორის, ისეთი მძიმე დანაშაულისთვის, როგორიცაა თავდასხმა სასიკვდილო იარაღით, ცეცხლის წაკიდება, ქონების ქურდობა და ძარცვა.

ჩრდილოეთ კაროლინას ციხის ჩანაწერების თანახმად, იგი ასევე იხდიდა პირობით სასჯელს 2010 წელს მთავრობის მიმართ მუქარის ან თავდასხმის გამო.

დეკარლოსის დას, 33 წლის ტრეისი ვონტრეა ბრაუნს, ნასამართლეობა აქვს შემდეგ საქმეებზე: ქურდობა, შეთქმულება დანაშაულის ჩასადენად, ავტომობილის ქურდობა, ოფიცრისთვის წინააღმდეგობის გაწევა და წვრილმანი ხულიგნობა.

მამა, დეკარლოს ბრაუნ უფროსი, დაკავებული იყო შეღწევისა და ძარცვის ბრალდებებით, ასევე შეთქმულების, ქურდობისა და 1990 წელს უნივერსიტეტის კამპუსში იარაღის შენახვის ბრალდებით.

დეკარლოს უმცროსს ადრე სულ მცირე 14-ჯერ იყო დაპატიმრებული. ის ციხიდან იანვარში "სასამართლოში გამოცხადების წერილობითი პირობით“ გაათავისუფლეს. მას ბრალი 911 სისტემის ბოროტად გამოყენებაში წაუყენეს