აშშ-ში ფეხბურთში საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი იწყება

საკლუბო ჩემპიონატი

აშშ-ში დღეს სტარტს იღებს საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში. ტურნირი წელს განახლებული ფორმატით ჩატარდება - 7-ის ნაცვლად მასში 32 კლუბი მიიღებს მონაწილეობს, მათ შორის ევროპული გრანდები - მადრიდის „რეალი“, მიუნხენის „ბაიერნი“, „მანჩესტერ სიტი“ და ჩემპიონთა ლიგის წლევანდელი გამარჯვებული ხვიჩა კვარაცხელიას „პსჟ“.

ტურნირის ფორმატი მსოფლიო ჩემპიონატის სტილს იმეორებს - 8 ჯგუფში ოთხ-ოთხი გუნდია განაწილებული, საუკეთესოები პლეი-ოფში გავლენ. ტურნირზე 12 კლუბი ევროპიდანაა, 6 სამხრეთ ამერიკიდან, დანარჩენი ადგილები კი აზიას, ჩრდილოეთ ამერიკას, აფრიკასა და ოკეანიას შორის არის განაწილებული.

ჩემპიონატი 1 თვეს გაგრძელდება, გამარჯვებულის ვინაობა კი 13 ივლისს გაირკვევა. ტურნირის საპრიზო ფონდი მილიარდ დოლარს აღემატება.