აშშ-ის სამხედრო მხარდაჭერის განსახილველად უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში აშშ-ის დროებითი რწმუნებული ჯონ გინკელი დაიბარეს

ჯონ გინკელი

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში უკრაინაში აშშ-ის დროებითი რწმუნებული ჯონ გინკელი მიიწვიეს უკრაინის მხარდაჭერის განსახილველად. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, 2 ივლისს მინისტრ ანდრეი სიბიგას დავალებით უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში მიიწვიეს აშშ-ის დროებითი რწმუნებული ჯონ გინკელი.

„ამერიკელ დიპლომატთან საუბრის საკვანძო თემა გახდა აშშ-ის სამხედრო დახმარება და ორი სახელმწიფოს თანამშრომლობა თავდაცვის სფეროში რუსეთის აგრესიისა და უკრაინის წინააღმდეგ ტერორის ესკალაციის ფონზე. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მოადგილემ, მარიანა ბეცამ მადლიერება გამოხატა შეერთებული შტატების მხარდაჭერისთვის რუსეთის ფართომასშტაბური ინტერვენციის დასაწყისიდან და ხაზი გაუსვა აქამდე გამოყოფილი თავდაცვითი პაკეტების მიწოდების გაგრძელების განსაკუთრებულ მნიშვნელობას, რა დროსაც განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაზე“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

უკრაინულმა მხარემ აღნიშნა, რომ უკრაინის თავდაცვითი შესაძლებლობების მხარდაჭერის ნებისმიერი შეყოვნება მხოლოდ წააქეზებს აგრესორს ომის, ტერორის გასაგრძელებლად და არა მშვიდობის საძიებლად.

სამინისტროს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ რუსეთმა არა მხოლოდ უარყო ცეცხლის სრული და უპირობო შეწყვეტა, რაზეც უკრაინამ თანხმობა განაცხადა ჯერ კიდევ 11 მარტს, არამედ აგრძელებს მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ საჰაერო ტერორისა და ბრძოლის ველზე შეტევის გაძლიერებას.

„უკრაინა მხარს უჭერს აშშ-ის სამშვიდობო ძალისხმევას და პოზიციას მკვლელობების დაუყოვნებლივ შეჩერებისა და ომის დასრულების აუცილებლობასთან დაკავშირებით, ხაზს უსვამს მშვიდობის დასამყარებლად რუსეთის იძულების აუცილებლობას. ამ პირობებში კრიტიკულად მნიშვნელოვანია უკრაინის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება და აგრესორზე კოორდინირებული ტრანსატლანტიკური ზეწოლის გაზრდა“, – ნათქვამია განცხადებაში.

მანამდე, გამოცემა „პოლიტიკომ“ დაწერა, რომ პენტაგონმა უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის რაკეტებისა და სხვა საბრძოლო მასალის მიწოდება შეაჩერა. როგორც გამოცემა სამ ანონიმურ პირზე დაყრდნობით წერს, არსებობს შეშფოთება, რომ აშშ-ის იარაღის მარაგი ძალიან შემცირდა, რის გამოც მიიღეს ეს გადაწყვეტილება.