აშშ-ის საელჩომ ბაღდადში კატეგორიული გაფრთხილება გაავრცელა

„როიტერი“ - ირანის ხელისუფლება თეირანში თავდაცვით გვირაბს აშენებს

აშშ-ის საელჩომ ბაღდადში ამერიკის მოქალაქეებისთვის კატეგორიული გაფრთხილება გაავრცელა. მათ მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ დატოვონ ერაყი, ხოლო მათ, ვინც ქვეყანაში დარჩენას აპირებს, ურჩევენ, გადახედონ ამ გადაწყვეტილებას.

„ირანი და მასთან დაკავშირებული ტერორისტული დაჯგუფებები სერიოზულ საფრთხეს უქმნიან საზოგადოებრივ უსაფრთხოებას ერაყში. უკვე მოხდა თავდასხმები აშშ-ის მოქალაქეებზე, აშშ-ის ინტერესებზე და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

მანამდე, 14 მარტს ბაღდადის „მწვანე ზონაში“ მდებარე აშშ-ის საელჩოზე თავდასხმა მოხდა. გავრცელებული ცნობით, შედეგად დაზიანდა დიპლომატიური მისიის შენობაში არსებული ვერტმფრენის დასაფრენი მოედანი.

ამ ფონზე, ერაყში მყოფ აშშ-ის მოქალაქეებს მოუწოდეს, არ მივიდნენ ერაყში მდებარე აშშ-ის საელჩოებსა და საკონსულოებში.

„არ ეცადოთ მოსვლას ბაღდადში მდებარე საელჩოში ან ერბილში არსებულ გენერალურ საკონსულოში, რადგან ერაყის საჰაერო სივრცეში კვლავ არსებობს რაკეტების, დრონებისა და ნაღმტყორცნების ჭურვების საფრთხე“, – ნათქვამია დიპლომატიური მისიის მიმართვაში.