აშშ-ის დრონების საწინააღმდეგო სისტემა რუმინეთს რუსული შემოჭრის შეკავებაში დაეხმარება - „ბლუმბერგი“

დრონების საწინააღმდეგო სისტემა

რუმინეთს რუსული შემოჭრის შეკავებაში აშშ-ის დრონების საწინააღმდეგო სისტემა დაეხმარება. ამის შესახებ „ბლუმბერგი“ ავრცელებს ინფორმაციას.

რუმინეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ საჰაერო სივრცის დარღვევის მზარდი რაოდენობის აღსაკვეთად, NATO-ს წევრი ქვეყანა აშშ-ის მიერ მიწოდებული დრონების საწინააღმდეგო სისტემის განლაგებას შეძლებს.

მედიის ინფორმაციით, Merops-ის სისტემა განლაგებისთვის მზადაა. რუმინეთი, პოლონეთთან ერთად, ახალი საკონტროლო დრონების სისტემის შემუშავების ბოლო ეტაპზეა.

ცნობისთვის, რუმინეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ქვეყნის საჰაერო სივრცე დრონებმა დაარღვიეს.

რუმინეთის თავდაცვის უწყების ცნობით, 25 ნოემბრის დილით რუმინეთის რადარებმა დააფიქსირეს სამიზნე, რომელიც მოძრაობდა რუმინეთის საჰაერო სივრცისკენ ტულჩის რაიონის მახლობლად, რის შემდეგაც ქვეყნის საჰაერო სივრცე გადაკვეთა. მოგვიანებით, რადიოლოკაციურმა სისტემებმა გალაცის რაიონში, საჰაერო სივრცეში მეორე ობიექტის შეჭრა დააფიქსირეს. საჰაერო სივრცის დარღვევის შემდეგ, ვითარების მონიტორინგისთვის რუმინეთმა „ეფ-16“-ის და Eurofighter Typhoon-ის თვითმფრინავები აამოქმედა. მანამდე, უკრაინის საჰაერო ძალებმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინაზე რუსეთის მასირებული იერიშის შედეგად, სავარაუდოდ, ერთი რუსული უპილოტო საფრენი აპარატი რუმინეთის ტერიტორიაზე შევიდა.