1765208520
აშშ ეუთოში რეფორმებს ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ორგანიზაციის დატოვებით იმუქრება
აშშ ეუთოს დატოვების ულტიმატუმს დააყენებს იმ შემთხვევაში, თუ ორგანიზაციაში რეფორმები არ განხორციელდება, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიულ საქმეთა ბიუროს მაღალჩინოსანმა, ბრენდან ჰანრაჰანმა ეუთო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„აშშ აგრძელებს მონაწილეობას ეუთოში, რადგან მიაჩნია, რომ სათანადო რეფორმით ეს ორგანიზაცია ჯერ კიდევ შეძლებს მნიშვნელოვანი როლის შესრულებას. რეფორმები აუცილებელია, როგორც ევროპაში უსაფრთხოების განსამტკიცებლად ეუთო-ს მისიის შესრულებისთვის, ისე აშშ-ის შემდგომი მონაწილეობისა და თანამშრომლობის უზრუნველსაყოფად“, – განაცხადა ბრენდან ჰანრაჰანმა.
ბრენდან ჰანრაჰანის თქმით, ეუთო „წლებია, დინებას მიყვება“.
ამერიკელმა მაღალჩინოსანმა აღნიშნა, რომ ორგანიზაციის ვებგვერდზე ჩამოთვლილია პრიორიტეტები, თუმცა მხოლოდ მცირე მათგანია მიმართული ომებისა და არასტაბილურობის აღკვეთაზე, რისთვისაც არსებობს ეუთო. ბრენდან ჰანრაჰანის თქმით, ორგანიზაციის მუშაობა იდეოლოგიური პროექტების კატალოგს უფრო წააგავს.
„ეუთო-ს თუ არ შეუძლია, სარგებელი მოიტანოს იმ სფეროში, სადაც ყველაზე მნიშვნელოვანია – ჩართოს რუსეთი კონფლიქტის სერიოზულად მართვაში, მაშინ რატომ უნდა განაგრძოს აშშ-მა მონაწილეობა? რადგან აშშ-ს მიაჩნია, რომ ეუთო-ს შეუძლია შეცვლა და ეფექტურობა“, – განაცხადა ბრენდან ჰანრაჰანმა.
მისივე თქმით, ისინი ცვლილებას მოითხოვენ.
„არავითარი სიმბოლური ჟესტები ან რიტორიკული ვალდებულებები. რეალური, სერიოზული ცვლილება“, – განაცხადა ბრენდან ჰანრაჰანმა.
ამასთან ამერიკელმა მაღალჩინოსანმა დაასახელა სამი მთავარი კრიტერიუმი, რომელთა შორის პირველი არის ბიუჯეტის შემცირება.
მისი თქმით, აშშ 2026 წლის დეკემბრისთვის წლიური ბიუჯეტის, სულ მცირე, 15%-ით შემცირებას ელოდება.
„რესურსები უნდა დაიხარჯოს არა კონფერენციების გამართვაზე ან ანგარიშების წერაზე, არამედ მისიებზე, რომლებიც მხარს უჭერს სტაბილურობასა და მშვიდობას“, – განაცხადა ბრენდან ჰანრაჰანმა.
ბრენდან ჰანრაჰანის თქმით, მეორე არის სტრუქტურული გადაწყობა.
„ეუთო-მ უნდა შეწყვიტოს ეროვნული სოციალური პოლიტიკის კარნახი და შეწყვიტოს შიდა პოლიტიკური ცხოვრების ტრანსფორმაციის განხილვა, როგორც მისი ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციის. მონიტორინგის მნიშვნელოვანი ფუნქცია, იქნება ეს საზღვრების კონტროლი თუ არჩევნები, ეფექტური იქნება მხოლოდ ჩართული ქვეყნების სრული თანამშრომლობით“, – განაცხადა ბრენდან ჰანრაჰანმა.
როგორც ბრენდან ჰანრაჰანმა აღნიშნა, მესამე არის რუსეთის ჩართულობა.
„ეუთო-მ უნდა შეწყვიტოს იმ მთავარი აქტორების მეორე პლანზე გამიჯვნა, რომელთა ყოფნაც მშვიდობისთვის აუცილებელია“, – განაცხადა ბრენდან ჰანრაჰანმა.
ბრენდან ჰანრაჰანის განცხადებით, კონფლიქტი რუსეთის ჩართულობით, მხოლოდ რუსეთის ჩართულობით შეიძლება მოგვარდეს.
როგორც ბრენდან ჰანრაჰანმა აღნიშნა, მხოლოდ მაშინ შეუძლია ეუთო-ს, „შეასრულოს მისი ძირეული მისია“ და მოლაპარაკების მაგიდასთან მიიყვანოს განსხვავებული ხედვის მქონე ქვეყნები, გადაჭრას შეიარაღების კონტროლი, საზღვრის უსაფრთხოება, ებრძოლოს ტერორიზმს, ფულის გათეთრებას და, საბოლოო ჯამში, დაეხმაროს შესაძლო სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებას რუსეთსა და უკრაინას შორის.
ბრენდან ჰანრაჰანის განცხადებით, „თუ ეუთო განაგრძობს თავის არსებულ გზას, აშშ განაგრძობს ჩვენი მონაწილეობისა და მხარდაჭერის შეფასებას“.










