1748324677
არსებობს იმედი, რომ ომი 2026 წელს დასრულდება, რუსეთის ეკონომიკა მკაცრი სანქციების ქვეშ მოექცევა, თუმცა ამისთვის რუსეთზე ძლიერი ზეწოლაა საჭირო - ვოლოდიმირ ზელენსკი

არსებობს იმედი, რომ 2026 წელს ომი დასრულდება და რუსეთის ეკონომიკა მკაცრი სანქციების ქვეშ მოექცევა, თუმცა ამისთვის საჭიროა რუსეთის ფედერაციაზე ძლიერი ზეწოლისკენ მიმართული ნაბიჯების გადადგმა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთის ეკონომიკაზე ზეწოლა შესაძლოა, კატასტროფული არ იყოს, რადგან ეს ძირითადად ჩრდილოვანი ეკონომიკაა.
ვოლოდიმირ ზელენსკი განცხადებით, რთულია ანალიზი, თუ რა არის ჩრდილში რუსეთში და რამდენი რეზერვი აქვს მას ომის წარმოებისთვის.
„არა მგონია ყველა დეტალი ვიცოდეთ. მაგრამ ეს მოხდება. ჩვენ გვჯერა, რომ ყველაზე დიდი გამოწვევა მზარდი სამხედრო-სამრეწველო კომპლექსია. ვხედავთ, მომავალ წელს ზრდას ვერ შეძლებს, შემცირდება. და ის მუდმივად შემცირდება, ანუ ეკონომიკა მთლიანად შეიცვლება, ყველაფერს ომზე დახარჯავენ. ასევე დიდი პრობლემაა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსთან დაკავშირებით, კომპონენტებით, რომლებიც ჩინეთიდან, ტაივანიდან, აშშ-დან და რამდენიმე ევროპული კომპანიისგან შედის. რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის დაახლოებით სამ ათეულ ძირითად საწარმოს მუდმივად აქვს შესაბამისი კონტრაქტები ამ ქვეყნების კომპანიებთან, რომლებიც მე ვახსენე“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.