„აქსიოსი“: დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკის სატელეფონო საუბრისას განუცხადა, რომ ომის ერთ თვეში დასრულება სურს

ტრამპი და ზელენსკი

დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკის სატელეფონო საუბრისას განუცხადა, რომ ომის რაც შეიძლება სწრაფად დასრულება სურს. ამის შესახებ „აქსიოსი“ წერს.

გამოცემა სამ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ტრამპსა და ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი ძალიან მეგობრული, პოზიტიური იყო და 30 წუთს გაგრძელდა.

„ზელენსკის თქმით, იმედოვნებდა, ომი მიმდინარე წელს დასრულდებოდა, რაზეც ტრამპმა უპასუხა, რომ ომი ძალიან დიდხანს გაგრძელდა და ომის ერთ თვეში დასრულება სურს“, – აღნიშნა ერთ-ერთმა წყარომ.

ამასთან, უკრაინელმა ოფიციალურმა პირმა „აქსიოსს“ განუცხადა, რომ სატელეფონო საუბრისას დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ გამოთქვა მზადყოფნა, რუსეთთან პოტენციური სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში უკრაინას მნიშვნელოვანი უსაფრთხოების გარანტიები მისცეს.