ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტი სერიოზულ საფრთხეს უქმნის როგორც რეგიონს, ისე გლობალურ სტაბილურობას - ურსულა ფონ დერ ლაიენი

ursula fon der laini

 ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტი სერიოზულ საფრთხეს უქმნის როგორც რეგიონს, ისე გლობალურ სტაბილურობას, -ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს.

„რეგიონში ვითარება უკიდურესად სერიოზულია. ეს იწვევს დიდ არასტაბილურობას და რისკებს, რომლებიც რეგიონს სცდება. სწორედ ამიტომ გვჭირდება დეესკალაცია და მაქსიმალური თავშეკავება, მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაცვა“, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

მისი თქმით, ევროკავშირი სოლიდარობას უცხადებს სპარსეთის ყურის ქვეყნებს და უკვე გამოაცხადა რეგიონისთვის 450 მილიონ ევროზე მეტი ჰუმანიტარული დახმარება.

„ჩვენ მათ გვერდით ვდგავართ სოლიდარობითა და მეგობრობით. ევროკავშირი მათ მხარს უჭერს. მიმდინარე კვირაში ევროკომისიამ გამოაცხადა რეგიონისთვის 450 მილიონ ევროზე მეტი ჰუმანიტარული დახმარების გამოყოფის შესახებ“, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

ამასთან, ევროკომისიის პრეზიდენტმა მიგრაციის საკითხზე ისაუბრა.

„ამ ეტაპზე ევროპისკენ მიგრაციული ნაკადები არ ფიქსირდება, თუმცა მზად უნდა ვიყოთ. ჩვენ არ დავუშვებთ 2015 წლის სცენარის განმეორებას. ჩვენ გავაძლიერეთ გარე საზღვრები და სამართლებრივი ჩარჩო. გვაქვს მიგრაციისა და თავშესაფრის პაქტი და უფრო ძლიერი პარტნიორობა რეგიონთან. რაც მთავარია, ჩვენ ერთიანები ვართ, როგორც ევროპელები. ჩვენ ვიცით, რომ როდესაც ერთად ვმოქმედებთ, უფრო ძლიერები ვართ“, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

ამასთან, ფონ დერ ლაიენის თქმით, ევროკომისია შესთავაზებს ევროკავშირის ქვეყნებს, შეამცირონ ელექტროენერგიის გადასახადები.

„ეროპაზე ომის ყველაზე დიდი გავლენა – ენერგეტიკაზეა. ამჟამად, ევროკავშირის ფიზიკური მიწოდების უსაფრთხოება დაცულია. თუმცა, ევროპა არ არის დაზღვეული გლობალური ფასების მკვეთრი ზრდისგან. და რადგან კონფლიქტი გრძელდება, ენერგიის ფასები კვლავ მერყეობს. ამიტომ, ჩვენ შევთავაზებთ ელექტროენერგიაზე გადასახადის შემცირებას და იმის უზრუნველყოფას, რომ ელექტროენერგია ნაკლებად დაიბეგროს, ვიდრე წიაღისეული საწვავი“, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.