1764086072
ABC: უკრაინა ტრამპის სამშვიდობო შეთანხმების პირობებს დათანხმდა
უკრაინა დათანხმდა შეერთებული შტატების მიერ შემოთავაზებული სამშვიდობო შეთანხმების პირობებს, იტყობინება ABC News აშშ-ის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით.
„უკრაინელები დათანხმდნენ სამშვიდობო შეთანხმებას“, - განაცხადა აშშ-ის ოფიციალურმა პირმა. „არის რამდენიმე მცირე დეტალი, რომელიც ჯერ კიდევ დასაზუსტებელია, მაგრამ ისინი დათანხმდნენ სამშვიდობო შეთანხმებას“, - იტყობინება არხი მოლაპარაკებათა ჯგუფის ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით.
ტელეარხი ასევე წყაროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ჟენევაში ტრამპის სამშვიდობო გეგმიდან ამოიღეს პუნქტები უკრაინის შეიარაღებული ძალების რაოდენობისა და ომის დროს ჩადენილი ქმედებებისთვის მხარეების ამნისტიის შესახებ.
23 ნოემბერს ჟენევაში დონალდ ტრამპის მიერ შეთავაზებულ სამშვიდობო გეგმაზე აშშ-ს, უკრაინისა და ევროპული ქვეყნების მოლაპარაკებები გაიმართა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ შეხვედრა „ყველაზე პროდუქტიული იყო“, მას შემდეგ, რაც ტრამპი ომის შეჩერებას ცდილობს. უკრაინული დელეგაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა დიალოგს „ძალიან პროდუქტიული“ უწოდა. FT-ს ცნობით, ჟენევაში ტრამპის 28-პუნქტიანი გეგმა 19 პუნქტამდე შეამცირეს.











