38 წლის ფრანგი ფოტოგრაფი უკრაინაში რეპორტაჟის დროს დაიღუპა

ანტონი ლალიკანი

რუსული დრონის თავდასხმის შედეგად, ფრანგი ფოტოგრაფი ანტონი ლალიკანი უკრაინაში დღეს გარდაიცვალა, ფრონტის ხაზიდან დაახლოებით თხუთმეტი კილომეტრის დაშორებით, კურილივსკაში.

Hans Lucas-ის სააგენტოს ცნობით, ანტონი ლალიკანი უკრაინაში 2022 წლის თებერვლიდან კონფლიქტის დაწყებიდან მუშაობდა.
რუსული დრონის თავდასხმის შედეგად ასევე უკრაინელი ფოტოგრაფი გრიგორი ივანჩენკო დაშავდა, ნათქვამია მე-4 ცალკეული მძიმე მექანიზებული ბრიგადის Facebook გვერდზე.

„ფრანგი ჟურნალისტი და ფოტოგრაფი ანტონი ლალიკანი FPV დრონის მიერ მიზანმიმართული დარტყმის შედეგად დაიღუპა. მასთან ერთად ადგილზე მუშაობდა გრიგორი ივანჩენკო, Kyiv Independent-ის ჟურნალისტი და ფოტოგრაფი და უკრაინის პროფესიონალ ფოტოგრაფთა ასოციაციის წევრი. ის დაიჭრა და ამჟამად სტაბილურ მდგომარეობაშია. ორივე ჟურნალისტს ეცვა დამცავი აღჭურვილობა, ხოლო მათ ტყვიაგაუმტარ ჟილეტებზე ამოსაცნობი ნიშნები იყო - სიტყვა „PRESS““, - ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, 25 სექტემბრის მონაცემებით, სულ 111 მედიის მუშაკი დაიღუპა, მათგან 12 სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას.