რუსეთი დაზავებას იხვეწება - „პუტინმა დამარცხება აღიარა“

რუსეთი დაზავებას იხვეწება

რუსეთის ჯარების მიერ უკრაინის ქალაქ ხერსონის დატოვებამ, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და ომის მომხრეებს შორის იდეოლოგიური გახლეჩა გამოიწვია. უკან დახევამ ჩამოშალა ნაციონალისტების რწმენა, რომ პუტინს შესწევს უნარი, შეასრულოს თავისი დაპირებები, - აცხადებენ ომის შემსწავლელ ინსტიტუტში.

ამერიკული ანალიტიკური ცენტრი ომის შემსწავლელი ინსტიტუტი (ISW), თავის მორიგ ანგარიშში პუტინის მიმართ უპრეცედენტო კრიტიკის ტალღის შესახებ წერს, რომელიც, მათი განცხადებით, ხერსონის ჩაბარებამ გამოიწვია.

ISW-ის ვერსიით, პუტინის მიმართ მსგავსი პირდაპირი კრიტიკა ომის მომხრეების მხრიდან, უპრეცედენტოა, ხოლო დუგინის ღია თავდასხმა პუტინზე, შესაძლოა, იმაზე მეტყველებდეს, რომ ნაციონალიზმის იდეოლოგთა წრეში განწყობები იცვლება.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებით, უკრაინის მიერ ხერსონის გათავისუფლება კიდევ ერთხელ ადასტურებს უკრაინელი სამხედროებისა და ხალხის სიმამაცეს. ამის შესახებ განცხადება ენტონი ბლინკენმა უკრაინელ კოლეგასთან კამბოჯაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების სამიტზე გამართულ შეხვედრაზე გააკეთა.

ბლინკენის განცხადებით, კიევის სამხედრო, ჰუმანიტარული და ეკონომიკური მხარდაჭერა გაგრძელდება, ვიდრე ეს საჭირო იქნება.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ასევე გააკრიტიკა რუსეთის სამხედროების სტრატეგია, რომლებიც უკრაინაში სამოქალაქო და მათ შორის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განადგურებას აგრძელებენ.

ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინელმა გამომძიებლებმა უკვე დააფიქსირეს 400-ზე მეტი რუსული სამხედრო დანაშაული რუსი დამპყრობლებისგან გათავისუფლებული ხერსონის ოლქის ტერიტორიაზე.

ზელენსკის თქმით, ხერსონის ოლქში რუსეთის არმიამ იგივე სისასტიკე დატოვა, როგორც უკრაინის სხვა რეგიონებში, სადაც შესვლა შეძლო. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, დონეცკის რეგიონში რუსული თავდასხმების დონე არ იკლებს, მაგრამ უკრაინის არმიის ქვედანაყოფები თავდაცვის გარღვევის საშუალებას არ აძლევენ.

„მადლობას ვუხდი ჩვენს მეთაურებს, დაზვერვას და ყველას, ვინც მონაწილეობს ჩვენი შემდეგი ნაბიჯების შემუშავებისთვის. ეს გათავისუფლების ნაბიჯებია. ხერსონის რაიონში 226 დასახლებაში წესრიგის სტაბილიზაცია და აღდგენა უზრუნველყოფილი იქნება.

სომხური გამოცემა „ლრაგირიმ“ ოკუპანტების მორიგ მარცხს, სტატია მიუძღვნა სათაურით „პუტინმა დამარცხება აღიარა“, რომელშიც რუსეთის სარდლობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას - რუსული ჯარების მიერ ოკუპირებული ხერსონის დატოვებას ეხება.

„ხერსონიდან რუსეთის ჯარის დნეპრის მარცხენა ნაპირზე გაყვანით ვლადიმერ პუტინმა უკრაინასთან ომში დამარცხება აღიარა. ახლა საქმე ის კი არ არის, თუ რომელი „ტერიტორია გაიყინება“ და წინ როგორი მოლაპარაკება იქნება, საქმე ისაა, რომ კრახი განიცადა პუტინის რუსეთის სტრატეგიამ, რაც დიდად განსაზღვრავს პროცესების განვითარებას როგორც რუსეთის გარეთ, ისე - მის შიგნით. 

ვლადიმერ პუტინის ბაგეთაგან ინტერვენციის დაწყების წინ გაჟღერებული ყველა განცხადება შესრულებულია, ოღონდ - უკუმოქმედებით, ხოლო კრემლის ყველაზე მთავარი ამოცანა - მსოფლიოს თანაბრად გაყოფა რუსეთსა და ამერიკას შორის, რომელიც ულტიმატუმის სახით იყო ჩამოყალიბებული, ჩაიფუშა. საბოლოო ჯამში, მოსკოვი იქამდე მივიდა, რომ სრულიად დამოკიდებული გახდა აშშ-ზე [და სიტყვის თქმას ვერ ბედავს] იმ საკითხშიც კი, რომელიც უკრაინისადმი იარაღის მიწოდებას ეხება. რუსეთის ბედი ახლა ამერიკის ნებაზეა დამოკიდებული.

უკრაინის ომმა გაფანტა კრემლის მიერ ათწლეულების განმავლობაში შეთხზული მითები რუსეთის არმიისა და რუსული იარაღის ძლიერებაზე, ქვეყნის სიდიადეზე და მის განსაკუთრებულ მისიაზე. უკრაინის ომით არა მარტო ნიღაბი ჩამოეხსნა რუსული სახელმწიფოს ნამდვილ მიზნებს, არამედ - აჩვენა რუსების რეალური სახე ყველა სფეროში.

ხერსონიდან უკან დახევას შეიძლება, არ აქვს სამკვდრო-სასიცოცხლო მნიშვნელობა სამხედრო თვალსაზრისით, მაგრამ უეჭველია, ომის მსვლელობაში გარდამტეხი მომენტი გახდება. ხერსონში განცდილი მარცხი ვლადიმერ პუტინისათვის უკუათვლის მორიგ წერტილად იქცევა, ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებაში. მან ხომ ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქები რუსეთის ნაწილებად "სამუდამოდ" გამოაცხადა, ახლა კი უკან აბრუნებს იმას, რაც მიიტაცა და თავისად გამოაცხადა.

რასაკვირველია, ამ მხრივ ხერსონის დატოვება მძიმე დარტყმა იქნება რუსული საზოგადოების 80%-ისათვის, რომელიც დეგრადირებულია კრემლის პროპაგანდით რუსეთის ძლიერების თაობაზე.

რუსეთი ახლა დაზავებას იხვეწება, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე. ვლადიმერ პუტინი ნიკოლ ფაშინიანის როლში აღმოჩნდა და ეს შემთხვევითი არ არის: კრემლს ძვირად უჯდება სომხეთის ორი წლის წინანდელი დამარცხება.