მარტივი მეთოდი, რომელიც ბევრს არ უცდია - მეცნიერები გვასწავლიან როგორ დავიცვათ ბავშვის მხედველობა დაზიანებისგან

ბავშვი

დღევანდელ ციფრულ სამყაროში იშვიათია ბავშვი, რომელსაც ხელში სმარტფონი არ უკავია. დატვირთული გრაფიკის გამო მშობლებიც ხშირად ბავშვის გასაჩუმებლად სწორედ ამ გზას მიმართავენ. შედეგად, ბავშვიც და მშობელიც მშვიდადაა, თუმცა საინტერესოა, რა ზეგავლენას ახდენს ბავშვის მხედველობაზე ხშირად ეკრანში ყურება. 

ადამიანის თვალი ვითარდება სტიმულაციის გზით. ოპტიკური სტიმულის ხარისხი გავლენას ახდენს თვალის კაკლის ზრდაზე რთული და დაბალანსებული მექანიზმით. დაბადებისას თვალი ჰიპერმეტროპიურია, ანუ მისი ძალა სრულყოფილად არ არის მორგებული მის ზომაზე. ბავშვი ხედავს მცირე მანძილზე და ძლივს ასხვავებს ჩრდილს.

პირველ რამდენიმე კვირაში თვალი იზრდება, ბადურა მწიფდება და ბალანსი დამყარებულია თვალის კაკლის ზრდასა და შიდა ლინზის ძალას შორის. ექვსი თვის ასაკში ბავშვს ორივე თვალიდან აქვს ზრდასრული თვალის ხედვა. ამ მომენტიდან თვალები განავითარებენ კოორდინაციას, რათა წარმოქმნან ხედვა სამ განზომილებაში.

სწორი ვიზუალიზაციისთვის მილიარდობით ნევროლოგიური კავშირი უნდა განხორციელდეს სიცოცხლის პირველი რვა წლის განმავლობაში. ეს მომწიფების დრო გრძელია, მაგრამ აუცილებელი, იმის გათვალისწინებით, რომ ტვინის ნეირონების მესამედზე მეტი ხედვას ეძღვნება. მეცნიერები მშობლებს ურჩევენ, როგორ დაიცვან ბავშვების თვალი დაზიანებისგან. 

მანძილის საკითხი

ელექტრონული მოწყობილობების არასათანადო გამოყენებამ, შესაძლოა, ხელი შეუშალოს თვალის ბუნებრივ განვითარებას, ასევე კითხვისა და სწავლის უნარს.

პირველი, რაც ასეთ დროს გასათვალისწინებელია არის მანძილი. თვალი შექმნილია იმისთვის, რომ შეხედოს ახლო მანძილს, რომელიც დაახლოებით წინამხრის სიგრძის ტოლია (იდაყვიდან ხელის თითებამდე მანძილი). ეს ნიშნავს დაახლოებით 30 სმ პატარა ბავშვისთვის და 40 სმ ზრდასრულისთვის. თუმცა, ტელეფონები თვალიდან საშუალოდ 20-30 სმ-ით არის დაშორებული და ეს მანძილი ხანგრძლივ ზემოქმედებასთან ერთად მცირდება. ამიტომ ამ მანძილზე მკაფიო გამოსახულების შესანარჩუნებლად საჭირო ვიზუალური ძალისხმევა გაორმაგებულია.

ამასთან, მცირე მანძილზე ეკრანის ყურება გავლენას ახდენს ბადურის გამოსახულების ხარისხზე (და შესაბამისად ვიზუალურ განვითარებაზე) და იწვევს თვალის გადაჭარბებულ დაღლილობას.  

მუდმივი თვალის სტიმულაცია არ არის რეკომენდებული

ელექტრონული ხელსაწყოების გამოყენება თამაშებით ან ვიდეოებით მოითხოვს მუდმივ ყურადღებას, შესვენების გარეშე. ეს არის მეორე ფაქტორი, რომელიც გასათვალისწინებელია. როდესაც ბავშვი რვეულში ხატავს ან წიგნს კითხულობს, ის ინსტინქტურად ჩერდება რაღაც მომენტში, გაიხედავს სხვაგან, შორს და დაინტერესდება გარშემო სხვა რამით. ეს პაუზები და შესვენებები სასარგებლოა ვიზუალური სისტემისთვის, რათა აღდგეს მისი ძალისხმევა. დისტანციურ სამიზნეებზე ფოკუსირება ასევე სასარგებლოა ბავშვის ვიზუალური განვითარებისთვის. ელექტრონულ მოწყობილობაში ყურების დროს კი ბავშვს „თვალის დასვენება“ ავიწყდება და მათ გადაბმულად შესაძლოა, ეკრანთან 2-3 საათიც კი გაატარონ.

გასათვალისწინებელია, რომ ნულიდან ორ წლამდე ბავშვების ვიზუალური აპარატი უბრალოდ არ არის საკმარისად განვითარებული და გამძლე, რომ ეკრანის წინ მუდმივი სტიმულაციისგან ასეთი სტრესი განიცადოს. კერძოდ, სკლერის (თვალის ღრმა შრე) სტრუქტურული ელემენტები, რომლებიც თვალს ანიჭებენ სიმყარეს და განსაზღვრავენ მის ზომას, ვითარდება ნულიდან ორ წლამდე და შემდეგ სტაბილიზდება. ამ ასაკში ვიზუალურმა სტიმულმა შეიძლება ხელი შეუშალოს და, შესაბამისად , გავლენა მოახდინოს მხედველობის დეფექტების და პათოლოგიის განვითარებაზე შემდგომ ცხოვრებაში.

ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეკრანს შეუძლია ლურჯი შუქის გამოსხივება. მოზრდილებისგან განსხვავებით, ბავშვების თვალები არ ფილტრავს ამ სხივებს. ამ გამოსხივებამ კი შესაძლოა, გამოიწვიოს ახლომხედველობა და დაარღვიოს მელატონინის სეკრეცია, რომელიც არეგულირებს ჩვენს ბიოლოგიურ საათს. ასევე, ბავშვს, შესაძლოა, დაერღვეს ბიოლოგიური ძილი, რაც მცირე ასაკში მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. 

მოდით ვისწავლოთ ელექტრონიკა

ნორმალური ვიზუალური განვითარებისთვის რეკომენდებულია ნულიდან ორ წლამდე ელექტრონულ მოწყობილობებთან კონტაქტის თავიდან აცილება. გამონაკლისი იქნება შემთხვევითი ვიდეო საუბრები, მშობლის მეთვალყურეობის ქვეშ, რათა მიესალმო ბებია-ბაბუას, რომელიც შორს ცხოვრობს, რამდენიმე წუთის განმავლობაში.

ორი წლის ასაკიდან შეიძლება ჩაითვალოს დღეში ერთი საათის ექსპოზიცია, განსაკუთრებით საგანმანათლებლო საიტების კონსულტაციისთვის, ყოველთვის მშობლის ან აღმზრდელის თანხლებით.

დაახლოებით ექვსიდან რვა წლის ასაკში, ექსპოზიცია შეიძლება გაიზარდოს თანდათანობით, დღეში ორ-სამ საათი, ყოველ საათში 10 წუთიანი შესვენებებით. ელექტრო მოწყობილობების გამოყენებას თავიდან უნდა იქნას აცილებული ჭამის დროს, ოჯახური აქტივობებისა და ძილის წინ სულ მცირე ერთი საათით ადრე.

მოდით ვითამაშოთ გარეთ!

საუკეთესო რჩევა წარმატებული ვიზუალური განვითარებისთვის არის მეტი აქტივობა. ჩვენ ვსაუბრობთ თამაშზე, სეირნობაზე და აქტივობებზე, რომელსაც გარეთ გასვლა სჭირდება. მაშინ სინათლის რაოდენობა გაცილებით მეტია, ვიდრე შენობაში, რაც ასტიმულირებს დოფამინის გამომუშავებას, ქიმიური შუამავალი, რომელიც აუცილებელია თვალის ზრდის რეგულირებისთვის. ეს არის ყველაზე ეფექტური გზა ბავშვებში მიოპიის განვითარების თავიდან ასაცილებლად.

ასევე მნიშვნელოვანია დარწმუნდეთ, რომ ბავშვის ვიზუალური სისტემა ნორმალურია და ბუნებრივად ვითარდება. ამიტომ, პირველი გამოკვლევა ოპტომეტრისტთან უნდა ჩატარდეს ექვსი თვის ასაკში (იმისათვის, რომ დავადგინოთ, აქვს თუ არა თვალს ნორმალური ოპტიკა და არ არის თანდაყოლილი დეფექტები), შემდეგ კი სამი წლის ასაკში თვალის კოორდინაციის შესაფასებლად. თუ ყველაფერი ნორმალურია, შემდეგი გამოკვლევა უნდა ჩატარდეს ხუთი წლის ასაკში და ყოველწლიურად, იმის გათვალისწინებით, რომ მხედველობა შეიძლება სწრაფად შეიცვალოს.

პათოლოგიის შემთხვევაში, რაც უფრო ადრე ჩავერევით პროცესში, მით უფრო ადვილია ნორმალური ოკულო-ვიზუალური ფუნქციის აღდგენა ვარჯიშის ან ოპტიკური საშუალებების გამოყენებით.

ვიზუალური ჰიგიენის ამ რეკომენდაციების დაცვით ჩვენ დავიცავთ ბავშვების ვიზუალურ სისტემას და უზრუნველვყოფთ მათ ნორმალურ განვითარებას.

და არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ეკრანი ბუნებაა! ის უფრო ხშირად უნდა შევთავაზოთ ჩვენს შვილებს.