დღეს NASA მთვარისკენ თავის უძლიერეს რაკეტას გაუშვებს

რაკეტა

რამდენიმე საათში, NASA-ს მისია „არტემის 1“ საკვანძო ნაბიჯს გადადგამს, რათა ნახევარსაუკუნიანი შესვენების შემდეგ, ადამიანები მთვარეზე დააბრუნოს.

მისია ეკიპაჟის გარეშე იქნება, სტარტს 29 აგვისტოს, თბილისის დროით 16:33 საათზე აიღებს და წარმოადგენს ტესტს NASA-ს კოსმოსური გაშვების სისტემისა (Space Launch System) და ეკიპაჟის კაფსულა ორიონისთვის (Orion Crew Capsule).

მისია მთვარისკენ გაეშურება, გაიტანს რამდენიმე პატარა თანამგზავრს, შემდეგ კი მთვარის ორბიტაზე განთავსდება. NASA-ს მიზანი კოსმოსური ხომალდის მუშაობის შემოწმებაა, იმ გარემოს გატესტვა, რომელში ყოფნაც ეკიპაჟს მოუწევს მთვარის გარშემო; სააგენტოს სურს დარწმუნდეს, რომ ხომალდი და მასში მყოფები უსაფრთხოდ შეძლებენ უკან, დედამიწაზე დაბრუნებას.