ჩახუტება ტკივილს, შფოთვასა და დეპრესიას ამსუბუქებს - კვლევა

ჩახუტება

ახალი კვლევის ფარგლებში სპეციალისტებმა ამ საკითხისადმი მიძღვნილი 212 ნაშრომი გააანალიზეს და დაასკვნეს, რომ, ზოგადად, შეხება ნებისმიერი ასაკის ადამიანის ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობას აუმჯობესებს.

„აქამდეც ვიცოდით, რომ შეხება ჯანმრთელობაზე ზემოქმედების მხრივ მნიშვნელოვანია, მაგრამ, მრავალი კვლევის მიუხედავად, უცნობი იყო, როგორ უნდა გამოვიყენოთ ის ოპტიმალურად, კონკრეტულად რა ეფექტს უნდა ველოდოთ და როგორია გავლენის მქონე ფაქტორები", - აცხადებენ ავტორები.

მათ მიერ შესწავლილ ნაშრომებში 12 966 ადამიანის მონაცემებია გაერთიანებული. ამ ინფორმაციის ანალიზმა აჩვენა, რომ შეხება შესაძლოა, ტკივილის, შფოთვისა და დეპრესიის შემსუბუქებაში დაგვეხმაროს. ეს ეფექტი დაფიქსირდა როგორც ბავშვებში, ისე ზრდასრულებში.

მსგავსი ზემოქმედება სხვადასხვა ტიპის ფიზიკური კონტაქტისას ვლინდება, იქნება ეს ჩახუტება თუ მასაჟი. ამის მიუხედავად, ყველაზე ეფექტიანი თავსა და სახეზე შეხება აღმოჩნდა, ყველაზე დადებითი რეაქციების გამომწვევი კი ხანმოკლე და ხშირი შეხება.

დადგინდა ისიც, რომ ჩვილებში მშობლებთან შეხება უფრო შედეგიანია, მოზრდილებში კი სხვაობას არ გვაძლევს, ახლობელია თუ არა ადამიანი. რა თქმა უნდა, დადებითი ეფექტის მისაღებად შეხება სასურველიც უნდა იყოს, ხოლო რეაქციები აბსოლუტურად ინდივიდუალურია.