1771531835
თინათინ რუხაძე ლამისყანაში მდებარე ჯამბაკურ-ორბელიანების სასახლის კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ ლამისყანაში მდებარე ჯამბაკურ-ორბელიანების სასახლის კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.
კომპლექსის სრულ რეაბილიტაციას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ახორციელებს.
პროექტის ფარგლებში, ამ ეტაპზე დასრულებულია შენობის გადახურვის, ფასადისა და შიდა სარეაბილიტაციო სამუშაოების ძირითადი ნაწილი; მოეწყო სველი წერტილები და ელექტროგაყვანილობა; რეაბილიტაცია ჩაუტარდა გალავნის კედლებსა და მის ზედა ნაწილებს; დასრულდა კოშკების გადახურვა და საიზოლაციო სამუშაოები; შშმ პირთათვის დამონტაჟდა სპეციალური ლიფტი.
ამჟამად, სასახლის პირველ სართულზე მიმდინარეობს კარების მონტაჟის, მეორე სართულზე - იატაკის მოწყობის სამუშაოები; გალავნის დაზიანებული ქონგურების გადაწყობა; ამორტიზირებული აგურის სალოდეების დაშლა-აწყობა; კოშკების გადასახური ფილების გაწმენდა; ეზოს ქვაფენილით მოპირკეთება და ელექტროგაყვანილობის ქსელის მოწყობა.
„მოხარული ვარ, რომ კულტურული მემკვიდრეობის კუთხით მნიშვნელოვანი ობიექტების აღდგენას ვახორციელებთ. ჯამბაკურ-ორბელიანების სასახლის კომპლექსი იმითაც გამოირჩევა, რომ აქ მუზეუმიც ფუნქციონირებს. რეაბილიტაციის პროექტი მთელი ამ მემკვიდრეობის სათანადოდ აღდგენასა და შენარჩუნებას ემსახურება.
ამავე სოფელში არის ძეგლის სტატუსის მქონე სხვა ობიექტებიც, რომლებიც მოვლა-პატრონობას საჭიროებს და მიმაჩნია, რომ სამომავლოდ, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, მათი რეაბილიტაციაც უნდა დაიგეგმოს, რათა სულ უფრო მეტმა ადამიანმა ნახოს, თუ რამხელა ისტორიას ინახავს ეს ადგილი", - განაცხადა თინათინ რუხაძემ.
მინისტრთან ერთად, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს: სახელმწიფო რწმუნებულმა შიდა ქართლის მხარეში სიმონ გულედანმა, კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა თეა ონიანმა.
ჯამბაკურ-ორბელიანების სასახლის კომპლექსის რეაბილიტაცია მიმდინარე წელს დასრულდება.
ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.











