საგანგებო განცხადება, რომელსაც ხატის „დედოფალი - სიხარულის მომნიჭებელი” მცველები ავრცელებენ

 ხატი -„დედოფალი - სიხარულის მომნიჭებელი”

 „დედოფალი - სიხარულის მომნიჭებელი" საკვირველმომქმედი და მსწრაფლშემსმენელი ხატის„დედოფალი - სიხარულის მომნიჭებელი” - მცველები საგანგებო განცხადებას, სოციალურ ქსელში ავრცელებენ:

საგანგებო განცხადება:

ამ რამდენიმე დღის წინ, სავარაუდოდ 7 აპრილს, იერუსალიმის ჯვარის მონასტრიდან გაქრა უმნიშვნელოვანესი სიწმინდე წმინდა მიწისა, საკვირველმომქმედი და მსწრაფლშემსმენელი ხატის „დედოფალი - სიხარულის მომნიჭებელის“ სასწაულმოქმედი ხატის ასლი.

ხატი „დედოფალი - სიხარულის მომნიჭებელის“ ასლი შეიქმნა ჩვენი და ქართველი ხალხის მიერ, იერუსალიმის ჯვარის მონასტერში ქართველთა კუთხის შესაქმნელად, რომელზედაც კურთხევა 2015 წელს მონასტრის წინამძღვარმა არქიმანდრიტმა კლავდიოსმა მოგვცა.

2016 წელს ასლი უკვე დაბრძანდა მისთვის წინასწარ განსაზღვრულ ადგილას, შოთა რუსთაველის ფრესკის წინ. მას შემდეგ ძალიან ბევრი არასასიამოვნო ფაქტი მოხდა, ხატი გაიძარცვა და იქნა დარბეული. პირველად დაიკარგა ფილიგრანული ტექნიკით შესრულებული ვერცხლის კანდელი, შემდგომ საქტიტორო წარწერა, დაზიანდა კიოტი. მიუხედავად ზემოხსენებული ვანდალური ფაქტებისა და კიდევ სხვა გარემოებებისა, რომელზედაც ახლა არ ვისაუბრებთ, ხატი „დედოფალი - სიხარულის მომნიჭებელის“ ასლი იქცა იერუსალიმის მნიშვნელოვან სიწმინდედ.

არაერთი საკვირველმოქმედება უკავშირდება მის სახელს და ხატიც შემკული გახლდათ მადლიერი მომლოცველების მიერ შეწირული ძვირფასეულობით. მიუხედავად იმისა, რომ წმინდა მიწა ქრიტიანეთათვის მნიშვნელოვან სიწმინდეს წარმოადგენს, ქართულმა ხატმა სიწმინდეთა შორის დაიკავა მნიშვნელოვანი ადგილი.

დღეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საკვირველმოქმედი ხატი ტაძარში აღარ არის. პირველივე წუთებიდან გვქონდა კომუნიკაცია როგორც იერუსალიმის ეკლესიის ზოგიერთ წარმომადგენელთან, ისე ჩვენს იქაურ მეგობრებთან და მხარდამჭერებთან, რომლებიც ამ წუთამდე ცდილობენ ხატის ადგილმდებარეობის დადგენას.

ერთერთი ვერსიით ხატმა უკვე დატოვა მონასტერი, თუმცა ეს მხოლოდ ვერსიაა. ჩვენ საგანგებო რეჟიმში ვმუშაობთ აღნიშნულ საკითხზე. გუშინ ჩვენთვის უკვე ცნობილი იყო, რომ საქმის კურსშია საქართველოს საკონსულოც, საქართველოს მთავრობა და საკითხით უკვე დაკავებულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო / MFA of Georgia. ამ ეტაპზე არცერთ ზემოხსენებულს უშუალოდ ჩვენთვის კითხვით არ მოუმართავს.

განვმარტავთ უმთავრეს საკითხს.

იერუსალიმის ჯვარის მონასტერში დაბრძანებული ხატი არ წარმოადგენს არც მონასტრის საჩუქარს და არც შესაწირს. 2015 წელს დასახულ იქნა კონკრეტული მიზანი, რომელიც წამოვიდა იერუსალიმის ეკლესიის მხრიდან და ეს მიზანი იყო ქართველთა კუთხის შექმნა, სადაც დაბრძანდებოდა საქვეყნოდ განდიდებული საკვირველმოქმედი ხატის „დედოფალი - სიხარულის მომნიჭებელის“ პირველი ასლი. ასლი შეიქმნა სწორედაც რომ ქართველთა კუთხის შესაქმნელად და ახლა ეს პირობა არის დარღვეული და ხატი გამქრალი. დიახ გამქრალია იმიტომ, რომ არავინ შეგვხმიანებია ჩვენ რაიმე გადაადგილებაზე და ვერც ინფორმაციის მოპოვება ხდება ხატის ადგილსამყოფელის შესახებ.

სწორედ ამ წუთებში იერუსალიმიდან გვაცნობეს, რომ საქართველოს ელჩი გუშინ შეხვდა კიდეც იერუსალიმის პატრიარქს.

ვითარება არის რთული. ბრძოლა სიწმინდესთან გრძელდებოდა წლების მანძილზე, ამაზე ვისაუბრებთ ცალკე წერილში, მაგრამ ახლა სიწმინდე არის გამქრალი და ეს გარემოება სიტუაციას ძალიან ართულებს. ჩვენ გვქონდა არაერთი კომუნიკაცია იერუსალიმის საპატრიარქოსთან, მათ იციან ზემოხსენებული საკითხის მნიშვნელობა, იციან რომ ქართველი ხალხი ძალიან ღელავს და ეს არის უხეში ქრისტიანული ნაბიჯი, არადიპლომატიური სვლა და ვითარების დაძაბვა ქრისტიანეთა შორის. მაშინ როდესაც უნდა იყოს დიდი ერთობა, ეს ნაბიჯი ხდება დიდი განხეთქილების საფულძველი, თუმცა როგორც ყოველთვის დღესაც გაიმარჯვებს ქართველი ერი!

ჩვენ ოფიციალურად შევეხმიანებით კიდევ ერთხელ ყველა იმ უწყებას, რომელიც პასუხისმგებელია აღნიშნულ ინციდენტზე და თუ უახლოეს დღეებში სიწმინდე არ გამოჩნდა და არ დაუბრუნდა თავის პირვანდელ ადგილს, როგორც ქართველთა კუთხისა და სიწმინდის შემქმნელები მივმართავთ ინტერპოლს და დაიწყება საგამოძიებო პროცესი. სამწუხაროდ 2016 წელს საქართველოს ეკლესიამ ოფიციალურად დაადასტურა უარი ქართველთა კუთხის შექმნაში მიეღო მონაწილეობა, ეს უარი ოფიციალურად დააფიქსირეს ტელეკომპანია იმედის ეთერშიც და განაცხადეს, რომ ქართველთა კუთხის შექმნა, ეს უდიდესი ეროვნული საქმე იყო კერძო ინიციატივა.

მიუხედავად იმისა, რომ ამ განცხადების შემდეგ პატრიარქმა გზაც დაგვილოცა, ეკლესიის პოზიცია იყო ქართულ საქმეზე უარის თქმა, შესაბამისად დღეს სწორედ ჩვენ გამოვხატავთ როგორც ჩვენი ისე იმ ქართველი ხალხის ინტერესს, რომლებმაც 2016 წელს ქართველთა კუთხე შექმნეს იერუსალიმის ჯვარის მონასტერში. დღეს ჩვენ შეფასებებს არ გავაკეთებთ მოვლენების, თუმცა მომდევნო განცხადებებში უამისობაც არ იქნება და დეტალურად გავყვებით მოვლენებს 2016 წლიდან დღემდე.

ახლა ქართველმა ხალხმა სიწმინდე უნდა დაიბრუნოს და იმედს გამოვთქვამთ, რომ საქართველოს მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისათვის რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი დროულად იქნას ნაპოვნი და დაუბრუნდეს ქართველებს.

მცველნი საკვირველმომქმედი და მსწრაფლშემსმენელი ხატისა „დედოფალისა - სიხარულის მომნიჭებელისა“ გიორგი და ზურაბი.

შეგახსენებთ, რომ 14 აპრილს, საკვირველმომქმედი და მსწრაფლშემსმენელი ხატი "დედოფალი - სიხარულის მომნიჭებელი", გამობრძანებული იქნება ისნის რაიონში, მერვე ლეგიონის დასახლება, წულუკიძის ქუჩა წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესიაში 12 საათიდან 17 საათამდე.