ნაპოვნია გალაკტიონ ტაბიძის უცნობი ჩანაწერები

გალაკტიონ ტაბიძის გარდაცვალების დღე

"კურიერი P.S.-ის" ექსკლუზივი - ნაპოვნია გალაკტიონ ტაბიძის უცნობი ჩანაწერები! "რუსთავი 2-ის" მაყურებელი დღეს პირველად ისმენს გალაკტიონის ლექსებს, რომლის შესახებაც აქამდე არავინ იცოდა. არავინ იცოდა ისიც, რომ თურმე გალაკტიონი პიესებსაც წერდა.

სპეციალისტებს ძალიან დიდი მასალა აქვთ, რომლის კვლევაც ფაქტობრივად ახლა იწყება. მუზეუმების გაერთიანებამ ეს მასალა კერძო პირისგან შეიძინა.

მე შემეძლო, რომ უკვდავ მეყო ჩემი სახელი,

შემექმნა ძეგლი ხელით უქმნელი, ფას-უდებელი,

მის ფერხთა ქვეშე თვით დიდება მტვრად იქცეოდა...

დიახ, სახელი უკვდავების დამერქმეოდა.

"აღსარება"

1908 წელი...

დროში გაცრეცილი, გაყვითლებული ფურცლები... ზედ მკვეთრი, ოდნავ დაძაბული კალიგრაფია - საუკუნისწინანდელი გალაკტიონის დაკარგულ ხმას, რომლებიც საარქივო ფონდშია დაცული, პირველად "კურიერი P.S.-ის" მაყურებელი ისმენს.

ჩანახატები, ლექსები, პიესები, უბის წიგნაკი, წერილები - ტექსტები არცერთ კრებულს, არც მეგობრების მოგონებებს ემთხვევა. უნიკალური მასალა 2022 წელს მუზეუმების გაერთიანებამ კერძო პირისგან შეიძინა. მეტი დეტალი უცნობია.

შეცვლილი თარიღები, სიტყვებით თამაში - გენიალური მგოსანი, ჩვეული სტილით, მუდმივად გვაბნევს, გაურკვეველ ფონს ქმნის.

ყველა ლექსი რიტმულია. ამბობენ, რომ გალაკტიონს უბის წიგნაკი ყოველთვის თან დაჰქონდა... ბგერებზე, ჟღერადობაზე ვარჯიშობდა.

მისი შემოქმედება მრავალფეროვანი და მდიდარია, რაც მოულოდნელად აღმოჩენილმა პიესებმა დაადასტურა. ჟანრი, რომელშიც აქამდე არ გვინახავს... ექსპერტების აზრით, პიესები მისი შემოქმედებითი გზის დასაწყისშია შექმნილი...

3 წლის წინ ნაპოვნი გალაკტიონი ჯერ შეუსწავლელია. ბურუსი და ბევრი ღიად დარჩენილი კითხვაა, რომლებსაც, წლებთან ერთად, პასუხი მეცნიერებმა უნდა გასცენ.