1728499899
"კახი, ჯემალი და გურამი - სამივე ჰყავს ნაცემ-ნატყეპი, იუდა ისკარიოტელებს ეძახდა" - ზინაიდა კვერენჩხილაძე 91 წლის გახდებოდა
"ქართველ ანა მანიანად" ადრეულ წლებშივე "მონათლეს", იყო ქართული სიტყვის დიდოსტატი, პოეზიის დრამატულად გამაცოცხლებელი;
ზინაიდა კვერენჩხილაძე 25 აგვისტოს 91 წლის გახდებოდა;
მიიჩნევდა, რომ მისი, როგორც მსახიობის, დაბადება მიხეილ თუმანიშვილის „ანტიგონეში“ მოხდა;
მსახიობი 2011 წლის 2 სექტემბერს, 79 წლის ასაკში, ინსულტით გარდაიცვალა. სამთავროს დედათა მონასტერში დაკრძალეს, სადაც სიცოცხლის ბოლო წლების გატარება არჩია. იმ დღეს ეზოში უწყვეტად ისმოდა დედების გალობაო, ამბობენ;
როგორც ცნობილია, ცუდ სიტყვებსა და ბილწსიტყვაობას ვერ იტანდა. გურამ საღარაძეს, ჯემალ ღაღანიძესა და კახი კავსაძეს კარგად ჰქონდათ დაჭერილი ეს მომენტი და შესვენებისას ზინას გასაგონად ყოველთვის ხმამაღლა საუბრობდნენ ხოლმე უწმაწური სიტყვებით.
გოჩა კაპანაძე: ვერ წარმოიდგენთ, ქალბატონ ზინას ამაზე როგორი საშინელი რეაქცია ჰქონდა – გაუთავებლად ჩხუბობდნენ, მათ იუდა ისკარიოტელებს ეძახდა და ებუტებოდა. მერე ისინი სულ უკან დასდევდნენ ზინას, რომ როგორმე შემოერიგებინათ. შერიგდებოდნენ და მერე ისევ თავიდან იწყებოდა ყველაფერი. რაღაც საშინელებას ეტყოდნენ და მათი გადამკიდე, ლამის გიჟს ჰგავდა ქალბატონი ზინა…
სხვათა შორის, სამივე ჰყავს ნაცემ-ნატყეპი. ძალიან მაგარი ხელი ჰქონდა და ეშინოდათ მისი ხელის, მით უმეტეს, რომ თავის დროზე ამ უწმაწური სიტყვების გამო, კახი კავსაძეს ფეხი მოსტეხა.
ქალბატონი ზინა ყოფილი სპორტსმენი იყო, საქართველოს ჩემპიონი ფარიკაობაში და მტრისას, ვისაც მისი ხელი მოხვდებოდა.
ერთხელ კახი უწმაწურ ანეკდოტს ჰყვებოდა, ზინამ გააფრთხილა, ჩემი თანდასწრებით ცუდი სიტყვები არ ახსენოო, ამაზე შეჰყვნენ: გაიქცა ბატონი კახი, ზინა გაეკიდა, უცებ კახი წაიქცა და ფეხი მოიტეხა. უნდა მოისმინოთ ამას თავად ბატონი კახი როგორ ჰყვებოდა: „რომ წავიქეცი, ზინა ისეთი თვალებით მადგა ზემოდან, რომ ვიყვირე, არ მომკლა, არ მომკლა-მეთქი“. მერე მთელი ორი თვე ქალბატონი ზინა ხაშითა და არყით ხელში კახისთან სახლში დადიოდა. კახიმ, ცხადია, ისარგებლა თავისი მდგომარეობით და მშვენივრად შეიფერა;
ნიკა წულუკიძე: სამ-თავ-რო! მის მიერ თრთოლვით წარმოთქმული ეს სიტყვა იმის მაუწყებელი იყო, რომ შაბათ დილას ქალბატონი ზინა მცხეთაში, დედათა მონასტერში მიდიოდა. იქ, სადაც ყველაზე კარგად გრძნობდა თავს; არასოდეს დამავიწყდება ის დღე, როდესაც ქალბატონმა ზინამ წამიყვანა სამთავროში, როგორ უფრთხილდებოდნენ დედები, როგორ ესიყვარულებოდნენ და რამხელა სითბოს გამოხატავდნენ მის მიმართ. წირვა-ლოცვა, მგალობელ დედათა გუნდი, მამა გაბრიელის საფლავთან მისი მისვლა, წმინდა ნინოს მაყვლის ბუჩქთან წაკითხული ლექსი – „მოდიოდა ნინო, მთებით“, ტრაპეზი და უკან, მისი სიტყვებით - "სიბინძურეში" დაბრუნება.
მაშინ კი მივხვდი, თუ რატომ მიუწევდა გული ყოველთვის მცხეთისკენ მისთვის აშენებულ კელიაში და რატომ უნდოდა იქ სამუდამოდ დარჩენა. და მართლაც, რა ბრძნული გადაწყვეტილება იქნა მიღებული ქალბატონი ზინას სამთავროში, დედათა მონასტერში დაკრძალვის შესახებ.
ასევე დაგაინტერესებთ: Exclusive: "ერთადერთი ვარ, ვინც ფიქრობს, რომ სულ უნდა ვიყო..." - ამ ინტერვიუდან მიხვდებით, რატომ ვერ ეკარება ნანის სიბერე
"საყვარლის საფლავს ვეძებდი..." – "სულიკოს" მიღმა, რეალური, ტრაგიკული ისტორიაა - ვინ იყო სულიკო?