1777927983
ჰარუკი მურაკამიმ პირველად დაწერა რომანი, რომლის მთავარი გმირი ქალია
იაპონელი მწერალი ჰარუკი მურაკამი გამოაქვეყნებს თავის პირველ რომანს, რომელშიც მთავარი პერსონაჟი ქალია. წიგნი სახელწოდებით „კაჰოს ისტორია“ 3 ივლისს გამოვა.
The Guardian-ი წერს, რომ მწერალი ადრე არაერთხელ გამხდარა კრიტიკის ობიექტი იმის გამო, რომ მის რომანებში ქალები მეტისმეტად სექსუალიზებულები და ერთგანზომილებიანები იყვნენ.
„ჩემს ისტორიებში ქალები მედიუმები არიან, მომავალი სამყაროს მაცნეები. ამიტომაც ისინი თავად მოდიან ჩემს მთავარ გმირთან; ის მათთან არ მიდის“, - განაცხადა მურაკამიმ 2004 წელს Paris Review-სთან ინტერვიუში.
ავტორის ახალი წიგნი 26 წლის მწერალ კაჰოს ეძღვნება. The New York Times-თან ინტერვიუში მურაკამიმ მთავარი გმირი დაახასიათა, როგორც „ძალიან ჩვეულებრივი გოგონა, არც ისე ლამაზი და არც ისე ჭკვიანი“, რომელსაც თავს „ძალიან ბევრი უცნაური ამბავი გადახდება“.
მურაკამისთვის ქალის სახელით რომანის წერა უჩვეულო გამოცდილება აღმოჩნდა. „მე ის გავხდი“, - თქვა მან. მწერალმა ასევე აღნიშნა, რომ წიგნი მის წინა ნამუშევრებთან შედარებით უფრო ოპტიმისტური გამოვიდა.










