„ღრუბლის რამდენიმე ნაწილი, რომლითაც ქრისტეს სისხლი მოსწმინდეს, მაცხოვრის ფეხთაფიცარი, ეკლის გვირგვინი...“- უდიდესი სიწმინდეები საქართველოში, რაც ბევრმა თქვენგანმა არ იცის

„დედოფალი სიხარულის მომნიჭებელი“ ხატის  მცველები ზურაბ შიოშვილი და გიორგი ჭოლოკავა,

საქართველო იმ რჩეულ ქვეყანათა შორისაა, რომელსაც განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ბიბლიურ სამყაროსთან ურთიერთობაში, სადაც უამრავი სიწმინდე ინახება. ამ სიწმინდეების მოხვედრის შესახებ, სხვადასხვა ისტორია მოიაზრება.

ერთ-ერთი ასეთი ადგილი, ნოჯიხევის ტერიტორიაზე მდებარე, სახელგანთქმული ხობის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების მონასტერია.

საბჭოთა ხელისუფლების დამყარებამდე, ხობის მონასტერში დასვენებული იყო უდიდესი სიწმინდეები.

ამჟამად, ეს სიწმინდეები, სხვადასხვა მუზეუმებშია დაცული. უნდა აღინიშნოს, რომ ხობის ტაძრის იატაკის ქვევით არსებული სივრცეების არქეოლოგიურმა შესწავლამ, ნაგებობის ქვევით უფრო ძველი ნატაძრალის ნაშთების არსებობა დაადასტურა.

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის - „დედოფალი სიხარულის მომნიჭებელი“ ხატის  მცველები ზურაბ შიოშვილი და გიორგი ჭოლოკავა, საქართველოში არსებულ უდიდეს სიწმინდეებზე ინფორმაციას, რომელიც საზოგადოების დიდმა ნაწილმა არ იცის, სოციალურ ქსელში ავრცელებენ.

„პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში, ხატის მცველები აცხადებენ, რომ საუკუნეების მანძილზე, საქართველო იყო უდიდესი საგანძურის შემნახავი, რომელიც შემდეგ, გაურკვეველ ვითარებაშია გატანილი.

მაცხოვრის სამსჭვალი, დღესაც ინახება საქართველოში. ადრე მეტი იყო, ახლა მხოლოდ, ერთია შემორჩენილი.

არის სხვა სიწმინდეებიც, რომელთა მოლოცვაც სამწუხაროდ, არასდროს ხერხდება. ეკლის გვირგვინი, რომელიც ახლა ნოტრდამშია. ნოტრდამშია ასევე, დავით აღმაშენებლის საწინამძღვრო ჯვარი, რომელშიც უფლის ჯვარცმის ჯვრის ნაწილია ჩაბრძანრბული.  

იერუსალიმის ჯვარის მონასტერში ინახება იმ დაფის ნაწილიც, რომელზედაც ეწერა - „ეს არის იუდეველთა მეფე“, ეს ფირფიტა ჯვარცმისას იყო მიკრული ჯვარზე, რომელიც ასევე ქართველებს ეკუთვნოდა.

2016 წელს, როცა მაცხოვრის საფლავი გახსნეს, მე და გიორგი იქ ვიყავით. ჩვენ გვაქვს საფლავიდან ამოღებული ქვა, რომელიც იმ კლდის ნაწილია, რაზედაც მაცხოვრის სხეული ესვენა:

„უდიდესი სიწმინდეები საქართველოში! ეს ბევრმა თქვენგანმა არ იცის:

დღეს შემოგთავაზებთ არასრულ სიას, იმ სიწმინდეებისა, რაც საქართველოში ინახებოდა. თუმცა, ცოტამ თუ იცის, ამის შესახებ:

მაცხოვრის კვართი, ღვთისმშობლის კვართი, მაცხოვრის ორი სამსჭვალი, ღვთისმშობლის სარტყლის ნაწილი, ძელიცხოვლის ჯვრის ნაწილები, როგორც ხობის მონასტერში, ასევე სვეტიცხოველში, მაცხოვრის წვერის ღერები, შოლტი, რომლითაც მაცხოვარი იგვემა.

ძმრით გაჟღენთილი ღრუბელი, რომელიც ჯვარცმულ მაცხოვარს პირთან მიუტანეს, წმინდა გიორგის ბარძაყის ძვლის ნაწილი, იერუსალიმის პატრიარქის, დოსითეოსის ცნობით, ხობის მონასტერში მეჩვიდმეტე საუკუნეში დაცული ყოფილა იოანე ნათლისმცემლის თითქმის მთელი სხეული,

წმინდა კვირიკეს უხრწნელი ხელის მტევანი, წმინდა მარინეს უხრწნელი მკლავი, ეკლის გვირგვინი, მაცხოვრის საუფლო სისხლი, ჯვარცმის დროინდელი სუდარის ნაჭერი, მაცხოვრის თმები და წვერები, ღვთისმშობელ მარიამის თმა, „მოგვების ოქრო, ღვთისმშობლის კაბის ნაწილი“, რომელი ემოსა ჟამსა მას, რომელსა იყო ღმერთი მუცელსა მისსა".

ქრისტეს საფლავის მიწა, იუდას ვერცხლი, ლოდი ქრისტესი, წმინდა გიორგის თავის ქალა, წმინდა თეოდორეს, წმინდა დიმიტრის, წმინდა ხარლამპის, წმინდა ევსტატის, პირველმოწამე სტეფანეს ნაწილი, წმინდა თომა მოციქულის, წმინდა თეოდორე სტრატილატის, წმინდა ნიკოლოზ საკვირველმოქმედის, წმინდა იოანე ოქროპირის, წმინდა სამსონის, წმინდა ბენედიქტეს, წმინდა ემელიანეს, წმინდა თეოქტისტეს ნაწილი

„ხატი ხახულისა ღვთისმშობლისა დახატული ფიცარსა ზედა ბაგისასა, რომელსა შინა მწოლარე იყო პირველ საუკუნო ყრმა. ხატის ბუდე და კარები არის შეჭედილი ოქროთი ფრიად, ხუთს ადგილსა ბუდისასა ასვენია წმინდათ ნაწილები, ხატი აწყურის ღვთისმშობლისა, ხატი არის შეჭედილი ოქროთი, შემკული ოქროთი, შემკული ძვირფასი თვლებით."

ძველი აღთქმის სიწმინდე – „ელიას ხალენი“, მაცხოვრის ფეხთაფიცარი, ანუ ფიცარი რომელზედაც უფალს ფეხები ედო ჯვარცმის დროს. ღრუბლის რამდენიმე ნაწილი, რომლითაც ქრისტეს სისხლი მოწმინდეს, წმინდა ნინოს ჯვარი.

ხატი „დედოფლის" მცველებთან, ინახება, უფლის საფლავის ქვის ნაწილი.

ამ სიწმინდეთა გარდა, კიდევ ბევრი სხვა უმნიშვნელოვანესი სიწმინდე ინახებოდა და ინახება საქართველოში, რომლის შესახებაც კვლავაც გიამბობთ“ - წერს ფეისბუკ გვერდი „დედოფალი“.