1733829921
„...ღმერთმა ყველას შეუნდოს, მეც შემინდეთ ცოდვები,“- „არასერიოზული კაცის“ სულის შემძვრელი ტრაგედია
1948 წლის 19 აპრილს თეატრისა და კინოს ქართველ მსახიობ და პოეტ გია ფერაძეს, 76 წელი შეუსრულდებოდა. 40 -მდე ფილმი და 29 -მდე სპექტაკლი - დიდი თუ პატარა როლი, მისი ნიჭის და მსახიობური ოსტატობის ნათელი დასტურია.
განსაკუთრებით გამორჩეულია „განგაში”, „მოიტაცეს თამარ ქალი” და „არასერიოზული კაცი”...
გიას ცხოვრება ორად შეიძლება დავყოთ – პირველი, დაუსრულებელი ზეიმი, სიხარული, მეგობრები, სიყვარული, გასტროლები, დროსტარება.
მეორე – 1985 წლიდან გარდაცვალებამდე: პატიმრობა, გადასახლება, ჯოჯოხეთად ქცეული არსებობა... ეს იყო, გიას ნათამაშები ბოლო როლი.
გია ფერაძემ 1970 წელს, შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი დაამთავრა. სხვადასხვა დროს მუშაობდა: რუსთავის და სოხუმის ქართულ თეატრებში, მათ შორის, კინოსტუდია „ლენფილმში”, ხოლო 1974 წლიდან იყო შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრის მსახიობი.
1985 წლის 19 მარტს გია ფერაძემ (ერთ-ერთი ვერსიით, შემთხვევით, ხოლო სხვა ვერსიით განზრახ), კალმის ფორმის ცეცხლსასროლი იარაღით მეუღლე, ცნობილი მოქანდაკის და სახალხო მხატვრის, ჯუნა მიქატაძის შვილი, ირინა მიქატაძე მოკლა.
დიდი მსახიობობიდან - დიდ პატიმრობამდე ნაბიჯი, გადადგმული იყო! 37 წლის გია ფერაძე დააპატიმრეს... მას 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. გიამ ორი წელი მკაცრი რეჟიმის კოლონიაში გაატარა, 5 წელი კი, ციმბირში და იაკუტსკში.
მკვლელობის ბრალდებით სასჯელს ციმბირში, მკაცრი რეჟიმის კოლონიაში იხდიდა. გია ფერაძემ ბოლომდე მოიხადა სასჯელი და ციხიდან გამოსვლიდან, ორიოდე წელში გარდაიცვალა.
გია ფერაძეს და მის მეუღლე ირინა მიქატაძეს, დარჩათ ქალიშვილი მარიკუნა, რომელიც მკვლელობის დროს 11 თვის იყო. მარიკუნა ამ ტრაგედიის მოხდენისთანავე, ირინას მშობლებმა ჯუნა მიქატაძემ და მისმა მეუღლემ მარიკა საყვარელიძემ, შვილად აიყვანეს და გაზარდეს.
მომხდარს ზოგი ეჭვიანობას უკავშირებდა, ზოგი იარაღთან გაუფრთხილებელ მოპყრობას, თუმცა ბევრი ამბობდა, რომ მსახიობს, უზომოდ უყვარდა მეუღლე და სასიკვდილოდ არ გაიმეტებდა.
ტრაგედიამ, რომელმაც 23 წლის ქალის სიცოცხლე შეიწირა, მთლიანად გაანადგურა გია ფერაძის ცხოვრებაც…~
19 მარტი, მისი დასასრულის დასაწყისად იქცა. იმ მომენტისთვის მათი შვილი მარიკუნა 11 თვის იყო.
რამდენიმე ხნის წინ, მსახიობი ნანული სარაჯიშვილი, გადაცემაში „ფარული კონვერტი“ გია ფერაძის მეუღლის გარდაცვალების ტრაგიკულ დღეს იხსენებს.
"იმ დღეს თეატრში რომ მივედი, „მეფე ლირის“ რეპეტიცია იყო. გია მასხარას როლს თამაშობდა. ამ ამბის შემდეგ ჯანრი ლოლაშვილმა ითამაშა. რომ მივედი, ხალხი რეპეტიციაზე არ იყო.
ვიკითხე, რა ხდებოდა. მითხრეს, „საშინელება მოხდა, გიას ცოლი მოუკლავთ, ქურდები შესულანო“. მახსოვს, მურმან ჯინორიასთან ერთად წავედი.
ჩვენთვის, ყველასთვის მოულოდნელი იყო. რასაკვირველია, ეს იყო შემთხვევითი ამბავი. იარაღი გაუვარდა. ეს სათამაშო კალამი იყო, ფერად-ფერადი.
ერთხელ, ჩემთან წყნეთში, მაღალ ბალახებში დაუვარდა, არ მინდოდა რომ წაეღო და გამიხარდა. გია რომ გადიოდა, მეგობარმა მიაძახა, ვიპოვეო.
ეს ერთმა ცნობილმა ფეხბურთელმა აჩუქა. ვინაობის თქმა, არც მას სურდა. ამის შემდეგ, მას აღარაფერი უნდოდა. ჩაიკეტა, როგორც „ბომჟი“ ისე დადიოდა.
სხვათა შორის, არ ველოდით ამას, მისი ხასიათისა და ქცევიდან გამომდინარე. ამბობდა, თავი ვერ მოვიკალიო, ბოლოს გამოვიდა, რომ მოიკლა.
ციხიდან გამოსვლის შემდეგ, მალევე გარდაიცვალა, მისი დაცვა ბევრჯერ დამჭირდა“, - ამბობს ნანული სარაჯიშვილი.
მსახიობი სამაგალითოდ დაისაჯა, 12 წელი ციხე და 5 წელი გასახლება - მთელი პატიმრობის განმავლობაში, ის ლექსებს და დღიურებს წერდა.
მისი უკანასკნელი ლექსია - „დასასრული”:
„ალვისაგან გათალეთ ჩემი კუბოს ფიცარი,
ალვა ამკობს ჩემს კავშირს ფერადოვან წარსულთან.
ცხოვრება კი შევიცან რაც არის და ვინც არის,
მაგრამ რაღა დროსია… კომედია დასრულდა!
რეჟისორი თვით ვიყავ, ასე მსურდა ფინალი,
მსგავსად ჰეროსტრატესი, მეც ხომ დავწვი ტაძარი…
ხომ გახსოვართ ქეიფში, ფეხბურთში მორკინალი?
ხოდა ფაფუ, გათავდა! ფერფლი ვარ და ნაცარი!
ორი დღეც და შემამკობს, ალბათ შავი არშია,
შავით შეიმოსება ჩემი მწირი სახლობა
თქვენი გია ფერაძე, თქვენთან ბარი-ბარშია.
ეს სიკვდილი მან თვითონ ძალით მოიახლოვა.
ბევრთან შევცდი… სხვა “ბევრი” ჩემთან არის “ჩაჭრილი”
ღმერთმა ყველას შეუნდოს, მეც შემინდეთ ცოდვები.
თქვენთვის დამილოცნია ეს მარტი და აპრილი,
კიდევ ორი-სამი დღეც და უთუოდ მოვკვდები.
სულ სიცოცხლე მინდოდა, სიცილი და ხუმრობა,
ბედნიერი ვიყავი მუდამ თქვენთან მყოფელი.
ასე მწარედ დასრულდა ჩემი თქვენთან სტუმრობა,
ასე ცრემლით აივსო ჩემი წუთისოფელი.
რა კარგი ხარ თბილისო, მენანები ძალიან…
ციხეში გნატრულობდი და ამ ნატვრით ვთბებოდი.
მაგრამ ჩემთვის თბილისო, ვიცი აღარ გცალია…
ერთ დროს როგორ გკოცნიდი, როგორ გეხუტებოდი.
მორჩა ლექსი, თვითონაც სანთელივით მივქრები…
სული თითქოს დაჭრილი, მოფარფატე გედია…
ისევ შენკენ მიხმობენ ეს სნეული ფიქრები,
კომედია დასრულდა?… დასრულდა ტრაგედია!“ - (გია ფერაძის ლექსებიდან)
მსახიობ გია ფერაძის ცხოვრება, უდიდესი ტკივილით იყო სავსე. მან თავის შვილებს, გამოსათხოვარი წერილი მიუძღვნა:
გია ფერაძე - „შვილებს“
„ჩემო ლამაზო შვილებო, ისმინეთ ბოლო სათქმელი
თუმც ვერ გიბოძეთ ვერც ლუკმა, ვერც სანთელი და საკმელი
თქვენთვის იღება ამ სულის ადრე დახშული სარკმელი
თქვენს ხსენებაზე სისხლი სჩქეფს ვერ იტევს გულის სარქველი.
ჭლექმა რწმენა და ძალისგან სულ ერთიანად დამცალა
დამაუძლურა, დამგვემა, მთვრალივით დამაბანცალა.
თქვენთან ალერსი, შვილებო, წამითაც აღარ მაცალა.
კიდევ ბევრ რამეს შექმნიდი, მაგრამ საწუთრომ დამძალა
მე მოვკალ ჩემი ცხოვრება, შევსვი შხამი და სამსალა.
საგინებელად ვიქეცი, არავინ არ შემიცოდა
ვინ რა სასჯელი მომიზღო, მაგინა, რა არ მიწოდა,
ჩემი სული და სხეული სულ ერთიანად იწვოდა
რამდენმა ზურგი მაქცია, ხელიც არ გამომიწოდა.
თუ დავიძინე, სიზმარში ისევ ციხეში ვბრუნდები,
რომ უბენლიედ შევცოდე, ამის მტკიცებას ვუნდები.
თავზე მეხვევა ჯალათთა და სისხლისმსმელთა გუნდები
ნაცემი პირქვე ვაგდივარ, ხელ-ფეხზე რკინის ხუნდებით.
ბიძინა, ჩემო ვაჟკაცო, მამაჩემის გაქვს სახელი,
ტკივილმა სულში იძინა, შენთან სათქმელს ვერ ვამხელდი.
რუსეთში ძმა გყავს პატარა, თბილისში დები ცხადია,
ასე მოხდა, რომ სულ ყველა სხვადასხვა გზებით დადიან,
შენ შეანივთე ეს გზები, შენს მამას ასე სწადია.
ვკვდები და თითქოს ვღრიალებ, სოფო, ბიძინა, მარიკა
თქვენთან მინდოდა, დინებამ სულეთის მხარეს გამრიყა.
სიცოცხლეს მაინც მივსდიე, მხოლოდ თქვენს გამო, შვილებო,
სხვადასხვა დედის, ოჯახის და ლუკმით გამოზრდილებო,
ვაი, რა საყვარლებო და, ვაი, რარიგად ტკბილებო,
ცოტა ხანს თუკი ვიცოცხლებ, თქვენს ლოცვით ვიცოდვილებო.
ათასჯერ ვიტყვი შენს სახელს, სულ ნაბოლარა გიაო
სადღაც რუსეთში იზრდები, მე შენი ნახვა მშიაო.
თქვენ გაიხარეთ, ჩემს გზაზე მხოლოდ ეკლები ყრიაო,
თქვენს სავალ გზაზე ხთრობდეს ვარდი, ენძელა, იაო,
ჩემი შავბნელი სიცოცხლე რა ძნელად სათქმელიაო,
ღრმა უკუნეთმა წამიღო, მზის სხივი დამელიაო.
ვიცი ერთ დღესაც ყველანი მხარს დაუმშვენებთ ილოსა,
ის არვის არ ათქმევინებს ჩემზე ცუდს, სათაკილოსა,
ის გეტყვით სათქმელს საჩემოს, მამაშვილურს და ტკბილოსა,,
თუ კაცი უფალს უყვარდეს, ძმად ილო გაუჩინოსა.
ქუჩაში მხვდება ნაცნობი და ვერ მცნობს ჩემი იერით,
ვის ნაკაცარი ვგონივარ, ვის მაწანწალა, მშიერი,
გამქრალა თქვენი ფერაძე, დაუღლელი და ძლიერი,
თბილისს ქუჩებში ეთრევა, ვიღაცა ჩემ მაგიერი.
ვერა, ვერავინ, ვერავინ, ჩემებრ ვერ გეტყვის ჩემი ხარ,
ჩემი ოცნების ლურჯ ზღვაში აფრით მავალი გემი ხარ,
შენა ხარ ჩემი ვარძია, ჩემი ოშკი და გრემი ხარ,
ჩემი მეორედ მოსვლისას კვლავ უბრად ამირჩევიხარ.
ძმებო, ვინც ჩემზე ამაგი დაუყვედრებლად გაწიეთ
გეკუთვნით ჩემი სასახლე გამოიტანეთ, აწიეთ.
მერე ეს ხალხი საჩემო, ჭირის სუფრასთან აწვიეთ,
შესანდობარი ქართულად მომიძღვენ-შემომაწიეთ.
ას წელზე მეტ ხანს იცოცხლეთ, ადრე ნუ დაიქანცებით
და დარჩით როგორც მახსოვხართ, ჩემი ვერელი ანცები,
კახური ღვინის ზარხოშით გილაპლაპებდეთ ღაწვები,
მერე კი ჩემთან რომ მოხვალთ, დაგხვდებით სავსე ყანწებით.
მე საქართველო მიყვარდა და იმასაც ვერ ვეფერე,
თუმცა ფერაძე ვიყავი ეკლესიური გვარისა,
მის ყველა ქუჩას, ხეივანს გულზე ყვავილად ვეფარე,
მთაწმინდით გულანთებული, გაგრილებული მტკვარითა.
იხარეთ, ჩემო შვილებო, ქარგეთ სამშობლოს ველები,
მის სალოცავად მე ახლაც ცისკენ აღვმართე ხელები,
მთელი სიცოცხლე ვიყავი ამ ტრფობით განახელები,
სწორედ ეგ არის, რასაც მე ვკვდები და ვეღარ ველევი.
სოფო, ბიძინა, მარიკა და გია ერთხელ ნახულო,
მინდა ეს ცოდვის ზამთარი სულ თქვენთან გავიზაფხულო,
ჩემო სულო და სხეულო, სუნთქვავ და თვალის ფახულო,
უზღვავო თვალ-მარგალიტო უფლისთვის გადანახულო.
შრომით ყველაფერს მიაღწევთ, შორს თქვენგან უქმი ჩივილი,
სულ მე წამეღოს იმქვეყნად თქვენი სულ მცირე ტკივილი,
თბილისის ქუჩებს ამკობდეს თქვენს შვილთა ჟივილ-ხივილი.
რა არის კაცის სიცოცხლე, მხოლოდ ნაცარი, მტვერია,
შვილი თუ გრჩება მიმავალს, ის მართლა ბედნიერია,
ცხოვრება მაინც კარგია, ტურფა და მშვენიერია,
ასე დასრულდა ბოლოთქმაც, როგორც ერთ წიგნში წერია:
უფალო, ცოდვიანისგან ერთხელ ისმინე აჯაო,
ჩემს შვილთა დასალოცავად ერთხელ აღაპყარ მაჯაო,
ციხეში ნაგვემ-ნაწამებს სიცოცხლე დამეხარჯაო,
სამარადჟამო კარცერი მიწაში მიმესაჯაო.
ბოლოს სულ, ბოლოს, სულ ბოლოს
გეტყვით, რომ გენაცვალებით,
ბოლოს, სულ ბოლოს, სულ ბოლო
სიტყვა ამომაქვს წვალებით.
მივდივარ, თქვენი მიმყვება გადაუხდელი ვალები,
ო, როგორ მინდა რომ ახლა ამოგიკოცნოთ თვალები.”
შეგახსენებთ, რომ გია ფერაძისა და ირინა მიქატაძის ქალიშვილი, მარიკუნა მიქატაძე 2023 წლის 14 ივლისს, 39 წლის ასაკში, საბერძნეთში გარდაიცვალა.
მარიკუნა საქართველოში ჩამოასვენეს და დედის გვერდით,, საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს.
მსახიობი იოსებ გოგიჩაიშვილი გარდაიცვალა
1733776207