„გაჩნდა იმედი, რომ ერზურუმში აღმოჩენილი სარკოფაგი, „გურჯ ხათუნს“ და მის ვაჟს ეკუთვნით...“- თურ­ქეთ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ელჩი თამარ მეფის შვილშვილის საფლავზე

„გურჯი ხათუნი“- თამარ მეფის შვილიშვილი, რუსუდანის ასული - თამარი

ალბათ, ბევრს სმენია ისტორია ულამაზესი „გურჯი ხათუნის“(თამარი) შესახებ, თუმცა, ცოტამ თუ იცის, რომ თამარ მეფის შვილიშვილი, რუსუდანის ასული, ერთადერთი ქალია, რომელსაც სელჩუკთა სამყაროში მონეტა მიუძღვნეს.

მუსლიმანურ სამყაროში, „გურჯი ხათუნის“ სახელით ცნობილი ქართველი ქალის ცხოვრება, დღემდე ლეგენდებისა და მითების საბურველშია გახვეული.

სილამაზითა და გონიერებით გამორჩეულ ახალგაზრდა ქალს, რომელიც მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, სელჯუკთა იმპერიის მმართველი გახდა, სახელოვან ბებიას - თამარ მეფეს ადარებდნენ და ეთაყვანებოდნენ. მას უმღეროდა აღმოსავლეთის პოეზია.

რამდენიმე დღის წინ, თურქეთში საქართველოს ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ, სოციალურ ქსელში „გურჯი ხათუნის“ საფლავის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა, სადაც აღნიშნავს, რომ გაღვივდა იმედი, ერზურუმში აღმოჩენილი სარკოფაგი, სწორედ, „გურჯ ხათუნსა“ და მის ვაჟს ეკუთვნით:

„ძვირფასო მეგობრებო, მსურს გაგიზიაროთ ქართული საზოგადოებისა და ისტორიოგრაფიისათვის აქამდე უცნობი და მეტად მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც ეხება გურჯი ხათუნის განსასვენებლის ადგილმდებარეობის დადგენის საკითხს:

მოგეხსენებათ, ანატოლიის სელჩუკთა ისტორიის ამსახველი წყაროები მწირია. იბნ ბიბი (İbn Bîbî - el-Evâmirü’l-ʿAlâʾiyye), ქერიმუდდინ აქსარაი (Kerîmüddin Aksarâyî - Müsâmeretü’l-aḫbâr Tarih-i Âl-i Selçuk), აჰმედ ეფლაკი (Ahmed Eflâkî) და შუა საუკუნეების სხვა ავტორები, თავიანთ ძირითად შრომებში, მოგვითხრობენ ქართველთა სამეფოსა და მცირე აზიის სელჩუკთა რუმის სასულთნოს კავშირებსა და ისტორიაზე, იმდროინდელი მმართველების ურთიერთობებზე, ასევე, რასაკვირველია, გურჯ ხათუნზე. თუმცა, ცნობებში, მათ შორის, იბნ ბიბის ,,Selçukname”-ში, არსად არ არის მოხსენიებული მისი საბოლოო განსასვენებელი.

გურჯ ხათუნის საფლავის შესახებ, არაფერს წერენ არც ევროპელი ისტორიკოსები და მკვლევრები, მათ შორის, ენდრიუ სპენსერ პიკოკი (Andrew Spencer Peacock), ჯონ ფრილი (John Freely), დევიდ ტელბოტ რაისი (David Talbot Rice) და სხვები. როგორც მოგეხსენებათ, ქართული ისტორიოგრაფიისთვისაც, ბოლო პერიოდამდე, უცნობი იყო გურჯი ხათუნის საფლავის ადგილმდებარეობა.

ამ კონტექსტში, განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ სულ ახლახან, მივაკვლიე ქართული საზოგადოებისთვის უცნობ, შუა საუკუნეების ავტორის, ნიღდელი ქადი აჰმედის (1286-1333) სპარსულენოვანი მანუსკრიპტის (el-Veledü’ş-şefîḳ) თურქულ თარგმანს, რომლის ორიგინალიც სულეიმანიეს ბიბლიოთეკის ხელნაწერთა საცავში ინახება.

ამ სქელტანიან ნაშრომში, არაერთხელაა ნახსენები საქართველო, ქართველები, თამარ მეფე და რა თქმა უნდა, გურჯი ხათუნიც.

ხელნაწერში, სამ სხვადასხვა ადგილას, ავტორი აღნიშნავს, რომ გურჯი ხათუნი, მის ვაჟთან, სულთან ალაედდინ ქეიქუბად II-სთან ერთად, ქ. ერზურუმში განისვენებს.

როგორც ადრეც გაუწყეთ, 2019 წელს, მქონდა პატივი, პირველს მომენახულებინა გურჯი ხათუნის ახლად აღმოჩენილი სავარაუდო განსასვენებელი, ქ. ერზურუმში.

ზემოხსენებულ მწირ წერილობით და ასევე, ზეპირ წყაროებზე დაყრდნობით, გაღვივდა იმედი, რომ ერზურუმში აღმოჩენილი ეს სარკოფაგი სწორედ გურჯ ხათუნსა და მის ვაჟს ეკუთვნით. ამასთან, ისტორიული სიმართლის დასადგენად, ჩვენი მოთხოვნით, საძვალეში არსებულ ნეშტებს ჩაუტარდათ დნმ ანალიზი. თურქულ მხარესთან ერთად, ვაგრძელებთ მუშაობას აღნიშნული მიმართულებით და მაქვს დიდი იმედი, რომ მალე სასიხარულო სიახლეებს ვამცნობთ ფართო საზოგადოებას“ - წერს საქართველოს ელჩი თურქეთში.

შეგახსენებთ, რომ „გურჯი ხათუნის“ სევდიანი და ამაღელვებელი ისტორია მაშინ დაიწყო, როცა ცამეტი წლისა მშობლის კალთას მოსწყვიტეს და სელჯუკთა ახალგაზრდა მბრძანებელს, 17 წლის ყიას ედ-დინ ქეი ხუსრევ II-ს მიათხოვეს.

მოხდა ისე, რომ მე-13 საუკუნის საქართველოს უმძიმესი პოლიტიკური მდგომარეობის გამო თამარ მეფის შვილიშვილი თამარი, სელჯუკიანთა სასულთნოს დედოფალი გახდა. 1236 წელს, 13 წლი­სა რუ­მის სულ­თან­ზე გა­ა­თხო­ვეს და კო­ნი­ა­ში გა­ამ­გზავ­რეს. ასე გახ­და ულა­მა­ზე­სი ქარ­თვე­ლი პრინ­ცე­სა ყიას-ედ-დინ ქე­ი­ხოს­რო­ვის მე­უღ­ლე და სელ­ჩუ­კე­ბის დე­დო­ფა­ლი.

ქორწინება, პოლიტიკური იყო. თამარის მეუღლე, ქეიხუსრევ ყიას ედ-დინი, პირობას დებდა, რომ საქართველოს თავს არ დაესხმებოდა და არც თამარს მოსთხოვდა ისლამზე გადასვლას.

მშვენიერმა თამარმა, თავისი ბუნებითა და სათნოებით, მალევე შეაყვარა თავი ყველას. მიუხედავად იმისა, რომ გურჯი ხათუნი ქეიხუსრევის მესამე ცოლი იყო, ქმარს იგი ისე ძალიან შეუყვარდა, რომ 1236 წელს, ქორწინების წელსვე, გადაწყვიტა, მოეჭრა სპეციალურად მისთვის მიძღვნილი ვერცხლის მონეტა და მასზე თამარის სახე ამოეტვიფრა.

თუმცა, იყო ერთი დაბრკოლება, ისლამურ კულტურაში ადამიანის სახის გამოსახვა, მკაცრად იკრძალება. ახალგაზრდა სულთანმა გამოსავალი მაინც იპოვა:

მან შექმნა ემბლემა - მზე ლომის ზოდიაქოში. მონეტაზე გამოსახა ვარსკვლავები, მათ ქვეშ მზე, მზის ქვემოთ კი - ფაფარაშლილი ლომი.

ლეგენდის თანახმად, სულთანმა, მზის დისკოში, საყვარელი მეუღლის სახე უკვდავყო. აქედან იღებს სათავეს, აღმოსავლეთში გავრცელებული ემბლემა - მზე და ლომი.

გადმოცემის მიხედვით, ეს იდეა, თავად „გურჯი ხათუნს“ ეკუთვნოდა. ძველ საქართველოში ხომ შეყვარებულ ქალსა და მამაკაცს, მზესა და ლომს ადარებდნენ.

ახალგაზრდა მბრძანებელს თავდავიწყებით შეუყვარდა ლამაზი და სათნო მეუღლე, რომელსაც სიყვარულით "გურჯი-ხათუნი" შეარქვა. 1238 წელს „გურჯი ხათუნს“ მშეეძნა ერთადერთი ვაჟი - ქეიყუბად II.

დანარჩენ ორ ცოლთან შედარებით, სულთანი თამარს აშკარა უპირატესობას ანიჭებდა. ეჭვით შეპყრობილმა პირველმა ცოლმა „გურჯი-ხათუნის" მოწამვლა გადაწყვიტა. თამარი კი გადარჩა, მაგრამ სულთანმა ეჭვიანი ცოლი არ დაინდო და სიკვდილით დასაჯა.

მისი და ყაისედინის შვილი 18 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა. ამბობენ, რომ ჭაბუკის სიკვდილი ნახევარძმების შეკვეთილი იყო, რადგან სიკვდილამდე, ყაისედინმა, თავის მემკვიდრედ სწორედ, თამართან შეძენილი შვილი აღიარა.
ამის შემდეგ, „გურჯი ხათუნის“ კვალი ისტორიაში იკარგება და ბებიის მსგავსად, მისი საფლავიც კი, უცნობი რჩება...
ბევრი ლეგენდა დადის აღმოსავლეთში, თამარ დედოფლის შესახებ. ერთ-ერთი მათგანის მიხედვით, სახელოვანი, მაგრამ უბედური „გურჯი ხათუნი“ ზღვის ტალღებს სამშობლოსკენ გაჰყოლია...

პირველად, 2019 წლის აგვისტოში, გავრცელდა ინფორმაცია, რომ თურქეთის ქალაქ ერზრუმის პასინლერის რაიონში მიმდინარე არქეოლოგიური გათხრებისას, სავარაუდოდ, თამარ მეფის შვილიშვილის, „გურჯი-ხათუნად“ წოდებული თამარის საფლავი იპოვეს.

გურჯი ხათუნის საფლავთან ერთად, ასევე, აღმოჩენილია მისი შვილის, სულთან ალაედინ ქეიყუბად II-ის სარკოფაგიც:

„თურქეთის ქ. ერზერუმის პასინლერის რაიონში ჩატარდა არქეოლოგიური გათხრები, რომლის შედეგადაც, სავარაუდოდ, აღმოაჩინეს სულთან ალაედინ ქეიყუბად II-სა და მისი დედის, „გურჯი ხათუნად“ წოდებული თამარ დედოფლის სარკოფაგები. საელჩო იწყებს აღნიშნული საკითხის მოკვლევას," - ვკითხულობთ2019 წლის საელჩოს განცხადებაში.