ცნობილი ხდება, ლინდსი კლენსის საქმეზე ტოქსიკოლოგიური ანალიზის შედეგები - დედა, რომელმაც 3 შვილი მოკლა განაჩენის მოლოდინშია

ლინდსი

დედა, რომელმაც 3 შვილი მოკლა განაჩენის მოლოდინშია - ცნობილი ხდება, ლინდსი კლენსის საქმეზე ტოქსიკოლოგიური ანალიზის შედეგები.

ლინდის კლენსის სასამართლო პროცესი მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია.

სასამართლოში ჩვენება მისცა სასამართლო ტოქსიკოლოგიის ექსპერტმა, რომელმაც ისაუბრა ბრალდებულის სისხლში აღმოჩენილი მედიკამენტების სახეობებსა და მათ კონცენტრაციებზე.

ჯასტინ ბროუერმა, NMS-ის ლაბორატორიების სასამართლო ტოქსიკოლოგმა, განაცხადა, რომ მისმა ლაბორატორიამ კლენსის სისხლში ოთხი ფსიქიატრიული მედიკამენტის დონე შეისწავლა. აღნიშნული პრეპარატები მის სისხლში მას შემდეგ აღმოაჩინეს, რაც, ბრალდების მიხედვით, მან შვილები სიცოცხლეს გამოასალმა და შემდეგ თვითმკვლელობა სცადა.

აღმოჩენილ მედიკამენტებს შორის იყო ანტიდეპრესანტი მირტაზაპინი, განწყობის სტაბილიზატორი ლამოტრიჯინი, ანტიდეპრესანტი ტრაზოდონი და ქუეტიაპინი - პრეპარატი, რომელიც შიზოფრენიის, ბიპოლარული აშლილობისა და მძიმე დეპრესიული აშლილობის სამკურნალოდ გამოიყენება.

კითხვაზე, განსხვავდებოდა თუ არა სისხლში მედიკამენტების კონცენტრაცია ექიმის მიერ დანიშნული დოზებისგან, ბროუერმა განაცხადა, რომ მხოლოდ ქუეტიაპინის დონე ჩანდა ოდნავ მომატებული.

„ჩვეულებრივ, ადამიანები, რომლებიც საკუთარ თავს ზიანის მიყენებას ან სიცოცხლის დასრულებას ცდილობენ, დიდი რაოდენობით აბებს იღებენ და ეს შემთხვევა ამას არ შეესაბამება“, - განაცხადა ბროუერმა სასამართლოში.

მოგვიანებით, კლენსის დაცვის ადვოკატის კითხვაზე პასუხისას, მან აღნიშნა, რომ ტოქსიკოლოგიური კვლევის შედეგები „მთელ სურათს არ გვიჩვენებს“.

პროკურატურა ამტკიცებს, რომ კლენსიმ შვილების მკვლელობა განზრახ ჩაიდინა.

სასამართლომ უკვე მოისმინა პროკურატურის მიერ მოწვეული სხვადასხვა ექსპერტის ჩვენებები. პროცესის მიმდინარეობისას სხდომა რამდენჯერმე შეჩერდა, როდესაც მოწმეები, მათ შორის კლენსის ყოფილი ქმარი პატრიკ კლენსი, ან თავად ბრალდებული ემოციურად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ.

სასამართლო პროცესზე გამოიკითხა ძიძაც. 

 ელეინ როსის, ჰკითხეს, ჰქონია თუ არა ოდესმე ეჭვი კლენსის მხრიდან შვილების მოვლასთან დაკავშირებით.

„საერთოდ არა. ის შესანიშნავი დედა იყო“, - განაცხადა როსიმ. „მე ვხედავდი შესანიშნავ დედას, რომელსაც შვილები უყვარდა.“

თუ კლენსის დამნაშავედ ცნობენ, მას შესაძლოა უვადო პატიმრობა, ვადამდე გათავისუფლების შესაძლებლობის გარეშე, დაემუქროს. ხოლო თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ დანაშაულის ჩადენის დროს კლენსის საკუთარი ქმედებების კონტროლისა და მათი მნიშვნელობის გააზრების უნარი არ ჰქონდა, ის შესაძლოა ფსიქიკური ჯანმრთელობის სახელმწიფო დაწესებულებაში გადაიყვანონ.