როგორ მოხვდა ევროპის ბიბლიოთეკებიდან მოპარული უნიკალური გამოცემები თბილისში - ტრანსნაციონალური დაჯგუფების ქართველი ფიგურანტები

წიგნის ქურდები

ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან მოპარული უნიკალური გამოცემები საქართველოშია ნაპოვნი. საუბარია ასეულობით წიგნზე, რომლებიც სხვადასხვა ბინიდან და სარეალიზაციო ადგილებიდან არის ამოღებული.

ჩხრეკა და საგამოძიებო მოქმედებები თბილისში ათობით მისამართზე ჩატარდა. ამოღებულია მე-19 საუკუნით დათარიღებული უნიკალური წიგნები, რომელიც ბრალდებულებმა ევროპის სხვადასხვა ქვეყნის ბიბლიოთეკებიდან მოიპარეს. დაკავებულია დანაშაულებრივი დაჯგუფების ოთხი წევრი, მათ შორის ცოლ-ქმარი - მათე ცირეკიძე და ანა გოგოლაძე. დაკავებულთა ახლობლების ნაწილს კამერების წინ გამოჩენა არ სურს, ნაწილი კი ამბობს, რომ მსგავსი დანაშაულის შესახებ ინფორმაციას არ აქვთ.

ჟენევა, პარიზი, ლიონი, რიგა, ტალინი, ვარშავა, მიუნხენი - ეს იმ ქალაქების არასრული ჩამონათვალია, საიდანაც ქართველმა მძარცველებმა ძირითადად რუსი კლასიკოსების პირველი გამოცემები მოიპარეს. დაჯგუფების წევრები ბიბლიოთეკებში სტუდენტის, ან მკვლევარის სტატუსით შედიოდნენ, რის შემდეგაც ცნობილი მწერლების, მათ შორის პუშკინის, ლერმონტოვისა და გოგოლის უნიკალურ გამოცემებს, ყალბი ასლებით ცვლიდნენ. 

ოთხი ბრალდებულიდან ერთ-ერთი, მათე ცირეკიძე უნიკალური წიგნების ძარცვის საქმეში ოჯახთან ერთად ფიგურირებს. სამართალდამცველებმა მასთან ერთად ხელბორკილები დაადეს მის მეუღლესაც. ტარტუს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ძარცვის ბრალდებით კი ესტონეთში დააპატიმრეს მათე ცირეკიძის მამა, ბექა ცირეკიძე.

ვრცლად, ნახეთ ვიდეო: