„სკრინინგი ნიშნავს სიცოცხლის გადარჩენას“ — NCDC-ს გენერალური დირექტორი

ირაკლი ფურცელაძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ფურცელაძემ მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე სკრინინგის პროგრამაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, აღნიშნული ინიციატივა, ქვეყნისთვის, უპრეცედენტოა.

„ეს მართლაც უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი მოსახლეობისთვის. მსგავსი მასშტაბისა და ტექნოლოგიური შესაძლებლობების მქონე პროექტი პირველად მიმდინარეობს”, - აღნიშნა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა.

ირაკლი ფურცელაძემ პროექტის მიზნებზეც ისაუბრა.  მისი განცხადებით,  მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული სკრინინგი გააფართოებს სერვისის გეოგრაფიულ ხელმისაწვდომობას და აამაღლებს საზოგადოების ცნობიერებას.

„სკრინინგი ტარდება მაშინ, როცა ადამიანს არ აქვს სიმპტომები. ეს არის პრევენციის მთავარი არსი — დაავადების ადრეულ ეტაპზე აღმოჩენა. ამასთან, ადრეული დიაგნოსტიკა მნიშვნელოვნად ზრდის მკურნალობის ეფექტიანობას -  ძუძუს კიბოს ადრეული გამოვლენა მკურნალობის 95%-იან წარმატებას იძლევა, ხოლო საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევაში, თითქმის, 100%-იანს. სკრინინგი ნიშნავს სიცოცხლის გადარჩენას“, -  განაცხადა ირაკლი ფურცელაძემ.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა, ქვეყნის მასშტაბით, რეგიონებში, სხვადასხვა მიმართულების სკრინინგი, 16 მარტს დაიწყო. მოქალაქეები, სრულიად უფასოდ იტარებენ: ინფექციური დაავადებების (B და C ჰეპატიტის, აივ ინფექციის), ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგს, ასევე, არაგადამდები დაავადებების პრევენციულ გამოკვლევებს. კვლევებს, ადგილზე, კვალიფიციური სამედიცინო პერსონალი, თანამედროვე მეთოდებითა და სტანდარტებით ატარებს და 15 ნოემბრის ჩათვლით იქნება ხელმისაწვდომი.

სკრინინგის შედეგად გამოვლენილი დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა სახელმწიფოს სხვადასხვა პროგრამით ფინანსდება. კიბოს ადრეული გამოვლენისა და მართვის ეროვნული პროგრამები უზრუნველყოფს როგორც გამოკვლევებს, ისე - მკურნალობის დაფინანსებას. არაგადამდები დაავადებების კონტროლი ხელმისაწვდომია პირველადი ჯანდაცვის დონეზე, ხოლო ინფექციური დაავადებების (B და C ჰეპატიტისა და აივ ინფექციის) დიაგნოსტიკა და მკურნალობა ფინანსდება სახელმწიფო პროგრამებით, რაც უზრუნველყოფს მოსახლეობის ფართო წვდომას საჭირო სერვისებზე.

დეტალური ინფორმაცია კონკრეტული ქალაქებისა და თარიღების შესახებ, შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:  https://shorturl.at/4mXXV