როგორ ვიყიდოთ წამალი 3-4 ჯერ იაფად?

aptiaki

არსებობს რამდენიმე ხერხი, რომელიც არსებულ რეალობაში ხარისხიანი მედიკამენტის შეძენისას თანხის დაზოგვაში დაგეხმარებათ.

გენერიკული წამლები

გენერიკული და ორიგინალი მედიკამენტი ერთმანეთისგან შეფუთვით, დასახელებითა და ფასით განსხვავდება, თუმცა მოქმედი ნივთიერების შემცველობა, რომელსაც უშუალოდ სამკურნალო ეფექტი აქვს, იდენტურია. იდენტურია ასევე მისი მიღების ფორმა, დოზირება, ხარისხი, უსაფრთხოება და მოქმედების ეფექტურობა.

გენერიკული მედიკამენტები უფრო იაფი ღირს, რადგან მათი მწარმოებელი კომპანია უკვე არსებული, გამოცდილი და ნაკვლევი ფორმულით ორიგინალურის ანალოგ მედიკამენტს აწარმოებს. 

თქვენ შეგიძლიათ მოიძიოთ ძვირადღირებული, ბრენდული მედიკამენტის გენერიკული ანალოგი, რომელსაც იდენტური სამკურნალო თვისებები და მასთან შედარებით, დაბალი ფასი ექნება. სასურველია, მედიკამენტის ჩანაცვლება ექიმთან კონსულტაციის შემდეგ მოხდეს, რათა გათვალისწინებული იყოს თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის ყველა ასპექტი.

თუ აქამდე ექიმი დანიშნულებაში კონკრეტული ბრენდის, კონკრეტული დასახელების მედიკამენტს უთითებდა, ახლა ის ვალდებულია  გენერიკული სახელწოდება მიუთითოს.  დანიშნულებაში გენერიკული სახელწოდების მითითება პაციენტს საშუალებას აძლევს, მრავალი ალტერნატივიდან ყველაზე იაფი აირჩიოს.

თქვენ გაქვთ უფლება, უარი უთხრათ ექიმს ძვირადღირებული ბრენდული მედიკამენტის დანიშვნაზე და მოითხოვოთ მისი ალტერნატიული, შედარებით იაფი და მსგავსად ეფექტური ვერსიები.

მსგავსი პრინციპი მოქმედებს აფთიაქშიც: გამოწერილი რეცეპტის საფუძველზე, სადაც ექიმის მიერ მედიკამენტის გენერიკული დასახელებაა მითითებული და არა კონკრეტული ბრენდი, ფარმაცევტი ვალდებულია, მომხმარებელს ამ შემადგენლობის მქონე სამი ყველაზე ეკონომიური და ამავე დროს ხარისხიანი მედიკამენტი შესთავაზოს.