ცნობილია მერაბ დვალიშვილის დაბრუნების თარიღი და მეტოქე
1765139668
ფილტვების ანთება ანუ პნევმონია სერიოზული ინფექციური დაავადებაა, თუმცა, დროულად აღმოჩენის შემთხვევაში, ხშირად ის მარტივად კონტროლდება. ამიტომ მნიშვნელოვანია კარგად ვიცნობდეთ მის კლინიკური ნიშნებსა და გამომწვევ მიზეზებს. ეს დაავადების საწყის ეტაპზე გამოვლენასა და მკურნალობის დროულად დაწყებაში დაგვეხმარება.
როგორ ვითარდება ფილტვების ანთება და რა იწვევს მას?
სანამ უშუალოდ, ფილტვების ანთების კლინიკურ ნიშნებზე გადავალთ, მოკლედ მიმოვიხილავთ დაავადების არსსა და მის გამომწვევ მიზეზებს.
პნევმონია ფილტვების ალვეოლების დაზიანების შედეგად ვითარდება. ალვეოლები ფილტვებში არსებული ძალიან წვრილი, მიკროსკოპული ბუშტუკებია, რომელიც ჟანგბადის შეწოვასა და ნახშირორჟანგის გამოდევნას უზრუნველყოფს. პნევმონიის დროს ისინი სითხით, ჩირქით ან ლორწოთი ივსება, რაც, ცხადია, ხელს უშლის სუნთქვის პროცესს.
ფილტვების ანთება შეიძლება განვითარდეს როგორც ინფექციური დაავადების გართულების შედეგად, მაგალითად, გრიპის შემდეგ, ისე დამოუკიდებლადაც – სხვადასხვა მიკროორგანიზმის ზემოქმედებით. შესაბამისად, განარჩევენ მის სხვადასხვა ტიპს, მათ შორისაა ბაქტერიული, ვირუსული, მიკოპლაზმით გამოწვეული, პნევმოცისტური, კლებსიელას, ასპირაციული და ატიპური პნევმონია.
ფილტვების ანთების 5 საგანგაშო სიმპტომი, რომელიც არ უნდა უგულებელყოთ
ფილტვების ანთება მსუბუქი გაციების მსგავსად იწყება, თუმცა ზოგჯერ მისი სიმპტომები სწრაფად მწვავდება და საჭიროებს სასწრაფო სამედიცინო ჩარევას. ქვემოთ გაგაცნობთ 5 ყველაზე მნიშვნელოვან ნიშანს, რომელთა გამოვლენისას განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ.
● მაღალი ტემპერატურა და შემცივნება – ფილტვების ანთებისას სხეულის ტემპერატურა ხშირად 38-40°C-მდე იმატებს. მას თან ახლავს შემცივნება, ოფლიანობა და საერთო სისუსტე. მაღალი სიცხე მიუთითებს, რომ ორგანიზმი ინფექციასთან იბრძვის. თუ მაღალი ტემპერატურა რამდენიმე დღე შენარჩუნდა, ეს შესაძლოა სერიოზული ანთების ნიშანი იყოს და საჭიროებდეს ექიმის ჩარევას.
● სუნთქვის გაძნელება და ჟანგბადის ნაკლებობა – პნევმონიის ერთ-ერთი ყველაზე საშიში სიმპტომი სუნთქვის გაძნელებაა – ამ დროს პაციენტი გრძნობს ჰაერის უკმარისობას და ტკივილს ჩასუნთქვის დროს. ზოგჯერ ჩნდება ციანოზი – ტუჩებისა და ფრჩხილების მოლურჯო შეფერილობა, რაც ჟანგბადის დეფიციტზე მიუთითებს. ეს მდგომარეობა მიანიშნებს, რომ ალვეოლები სითხით ან ჩირქით არის სავსე და ჟანგბადი სისხლში სათანადოდ ვერ აღწევს. ასეთ დროს აუცილებელია სასწრაფო სამედიცინო დახმარება.
● მკერდის ტკივილი ან წვის შეგრძნება – პნევმონიისას ტკივილი ხშირად იგრძნობა მკერდის იმ მხარეს, სადაც ანთება ვითარდება. ტკივილი შეიძლება გამძაფრდეს ღრმა ჩასუნთქვისას, ხველისას ან მოძრაობისას. ზოგჯერ პაციენტები აღწერენ წვას ან სიმძიმეს გულმკერდის არეში, რაც ფილტვების გარსის ანთებით (პლევრიტით) არის გამოწვეული. ასეთ შემთხვევაში საჭიროა სრულფასოვანი გამოკვლევა, რათა გამოირიცხოს სხვა სერიოზული მდგომარეობები, მათ შორის გულის დაავადებები.
● ხველა ნახველით – ხველა ფილტვების ანთების ერთ-ერთი ყველაზე დამახასიათებელი სიმპტომია. თავდაპირველად ის, როგორც წესი, მშრალია, მაგრამ დაავადების პროგრესირებისას მას შეიძლება თან ახლდეს სქელი, ზოგჯერ ჩირქოვანი ან მოყავისფრო ნახველი. სისხლიანი ნახველი მიუთითებს ალვეოლების ან მცირე სისხლძარღვების დაზიანებაზე და საჭიროებს დაუყოვნებელ გამოკვლევას.
● უჩვეულო დაღლილობა და სისუსტე – პნევმონია პირველ რიგში სასუნთქ სისტემას აზიანებს, თუმცა ინფექცია მთელ ორგანიზმზე მოქმედებს. დაავადების დროს ხშირად პაციენტი უჩივის ძლიერ სისუსტეს, მუდმივი ძილის სურვილს, ენერგიის ნაკლებობას და ზოგად „გადაღლილობას“, რაც არ შეესაბამება ჩვეულებრივ გაციებას. ეს სიმპტომი განსაკუთრებით საყურადღებოა ხანდაზმულ ადამიანებში.
როგორც დავინახეთ, პნევმონიის ზოგიერთი სიმპტომი სეზონური ვირუსებით გამოწვეული ნიშნების მსგავსია, თუმცა ამ ორი მდგომარეობის ერთმანეთისგან გამიჯვნა მაინც შესაძლებელია. ვირუსული ინფექციების დროს კლინიკური ნიშნები დროთა განმავლობაში თავისით მსუბუქდება, ფილტვების ანთების დროს კი შესაძლოა ისინი კიდევ უფრო გამწვავდეს. ამიტომ მნიშვნელოვანია ყური დავუგდოთ სიმპტომებს და სწორად შევაფასოთ მდგომარეობის სიმწვავე. ჩვენ მიერ ჩამოთვლილი 5 ნიშნის შემთხვევაში კი, აუცილებელია, მიმართოთ სპეციალისტს და დროულად მიიღოთ შესაბამისი ზომები.
გაითვალისწინეთ, განსაკუთრებული ყურადღება მართებთ ბავშვებსა და ხანდაზმულებს, რომელთა იმუნური სისტემა უფრო მგრძნობიარეა ინფექციების მიმართ. ასევე, ისეთი ქრონიკული დაავადებების მქონე პირებს, როგორებიცაა დიაბეტი, გულის პათოლოგიები ან ასთმა.
პნევმონიის დიაგნოსტიკა და მკურნალობა
ფილტვების ანთების წარმატებული მკურნალობა იწყება ზუსტი და დროული დიაგნოსტიკით, რომელიც ზოგადი კლინიკური სურათის შეფასებით იწყება. ამისთვის საჭიროა ექიმმა მოუსმინოს პაციენტის ფილტვებს სტეტოსკოპით, შეამოწმოს სუნთქვის სიხშირე, ჟანგბადის დონე და სხეულის ტემპერატურა. ამის შემდეგ კი ინიშნება დამატებითი კვლევები, რომლებიც სპეციალისტს ეხმარება პნევმონიის ტიპისა და გამომწვევი მიზეზის დადგენაში. ამ კვლევებს განეკუთვნება რენტგენოგრაფია, სისხლის საერთო ანალიზი, სისხლის ბიოქიმიური ანალიზი, ნახველის ანალიზი, იშვიათად კი კომპიუტერული ტომოგრაფია (CT).
ფილტვების ანთება მკურნალობის სქემა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული დაავადების ტიპზე. მაგალითად, ბაქტერიული პნევმონიაE მოითხოვს ანტიბიოტიკოთერაპიას. ვირუსული პნევმონიის დროს კი ანტიბიოტიკები არაეფექტიანია და საჭიროებს განსხვავებულ მიდგომას. გარდა ძირითადი თერაპიებისა, მნიშვნელოვანია დასვენება, საკმარისი სითხის მიღება, ტემპერატურის კონტროლი და ჟანგბადით გამდიდრებული გარემო, განსაკუთრებით სუნთქვის გაძნელებისას.
პნევმონიაზე უფრო მეტს „სმარტფარმის“ ბლოგში შეიტყობთ. აქვე გაეცნობით იმ მედიკამენტებს, რომლებიც განსაკუთრებით ეფექტიანია დაავადების მკურნალობის პროცესში.
იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე „სმარტფარმთან“ ერთად!