მიხეილ სარჯველაძე რომში გლობალურ სამედიცინო სამიტში მონაწილეობს

ჯანდაცვა

ჯანდაცვის მინისტრი რომში, ვენურ-ლიმფურ გლობალურ სამიტში მონაწილეობს. ყოველწლიური ღონისძიების მიზანი არსებული მიღწევებისა და ინოვაციების გაცნობაა, - აღნიშნულია ჯანდაცვის სამინსიტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სამინსიტროს ინფორმაციით, სამიტში 80-მდე ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლები, ფლებოლოგთა ასოციაციების წევრები, ექიმები, ჯანდაცვის პოლიტიკის შემქმნელები და ექსპერტები იღებენ მონაწილეობას.

სამიტის ფარგლებში, მიხეილ სარჯველაძე სესიაზე სიტყვით გამოვიდა, სადაც მტკიცებულებებზე დაფუძნებული მედიცინის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ჯანდაცვის მინისტრმა, ბოლო ათწლეულის განმავლობაში საქართველოში განხორციელებულ იმ რეფორმებზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებას, სამედიცინო სერვისებისა თუ მედიკამენტების ხელმისაწვდომობასა და ჯიბიდან გადახდების შემცირებას ისახავს მიზნად.

მიხეილ სარჯველაძემ ყურადღება გაამახვილა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე, სამედიცინო დაწესებულებების დაფინანსების DRG მოდელზე, პირველადი ჯანდაცვის რგოლის გაძლიერებაზე. ისაუბრა მედიკამენტებზე დაწესებულ რეფერენტულ ფასებზე, ონკოლოგიური და ქრონიკული დაავადებების სამკურნალო პრეპარატების პირდაპირი შესყიდვის მექანიზმზე. ხაზი გაუსვა კარდიოლოგიური სერვისების გასაძლიერებლად განხორციელებულ მსხვილ ინვესტიციებსაც.

„ჩვენ მნიშვნელოვან პროგრესს ვაღწევთ კლინიკური გაიდლაინებისა და პროტოკოლების დანერგვის პროცესში. ბოლო წლების განმავლობაში, დამტკიცდა გაიდლაინები ონკოლოგიაში, ფსიქიკურ ჯანმრთელობაში, ისეთი იშვიათი და ქრონიკული დაავადებების სამკურნალოდ როგორიცაა: შაქრიანი დიაბეტი და ჰიპერტენზია. ხდება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენციისა და მკურნალობის ეროვნული პროტოკოლების საერთაშორისო სტანდარტებთან თანხვედრაში მოყვანა და პროცესის ციფრული ინსტრუმენტებითა და უწყვეტი ტრენინგებით მხარდაჭერა.

აღნიშნული ძალისხმევა ცხადყოფს ჩვენს მიზანდასახულობას არ მხოლოდ მტკიცებულებებზე დაფუძნებული მედიცინის, არამედ თანასწორობის, ინოვაციების და პაციენტზე ორიენტირებული ზრუნვის მიმართ. თუმცა, კარგად გვესმის, რომ გაიდლაინები მხოლოდ მაშინ არის წარმატებული, როდესაც მათ საფუძველს უმყარებს ნდობა, შესაძლებლობები და თანამშრომლობა. ეს სამიტი ამ მიზნის მისაღწევ უმნიშვნელოვანეს სივრცეს წარმოადგენს“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ღონისძიებაზე, ასევე, სიტყვით გამოვიდნენ: იტალიის ჯანდაცვის მინისტრი ორაციო სკილაჩი, იტალიის იუსტიციის მინისტრი კარლო ნორდიო, სენატორი ინიაციო ძულო, გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის სამედიცინო დირექტორი, მსოფლიო ფლებოლოგთა კავშირის ვიცე-პრეზიდენტი ზაზა ლაზარაშვილი. ასევე, პროფესორები სხვადასხვა ქვეყნიდან.

სამიტში, ასევე, მონაწილეობენ: ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თეა გიორგაძე, იტალიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თამარ ლილუაშვილი, ქართველი ანგიოლოგები, სისხლძარღვთა ქირურგები და სხვა.