"მეათე არჩევნები ტარდება ჩვენი ხელისუფლების პირობებში და არც ერთი დასკვნა არ ყოფილა, რომელიც რეალურად დააყენებდა ეჭვქვეშ არჩევნების შედეგებს" - ირაკლი ქადაგიშვილი ეუთო/ოდირის მოწვევაზე

ქადაგიშვილი

საქართველოს ხელისუფლება 4 ოქტომბრის არჩევნებში ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიას იწვევს. ოფიციალური თბილისის წერილი ეუთო/ოდირს უკვე გაეგზავნა. მთავრობა ადასტურებს მზაობას, ეუთო/ოდირის მისიას არჩევნების სრულფასოვანი დაკვირვებისთვის ყველა პირობა შეუქმნას და გამოთქვამს იმედს, რომ ოპოზიციისა და ევროპელი ბიუროკრატების მხრიდან ზეწოლის მიუხედავად, ეუთო/ოდირი საქართველოში სადამკვირვებლო მისიის გამოგზავნისგან თავს არ შეიკავებს.

გადაწყვეტილებას, რომელიც საზოგადოებას დღეს პრემიერ-მინისტრმა გააცნო, უკვე მოჰყვა შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში.

"ეს არ არის მარტო კეთილი ნება, ეს არის ის ღრმა დარწმუნება ჩვენი ხელისუფლებისა, რომ საქართველოს საარჩევნო სისტემა, კანონმდებლობა, საარჩევნო გარემო, შესაძლებლობები არის დემოკრატიული და ფართო. ჩვენ არასდროს არ შევშინებივართ რაიმე შეფასებას ჩვენი არჩევნებისა. გამომდინარე იქიდან, რომ არჩევნები ამ ხელისუფლების პირობებში ყოველთვის ტარდება ღიად და სამართლიანად. მეათე არჩევნები ტარდება ჩვენი ხელისუფლების პირობებში და არც ერთი დასკვნა არ ყოფილა, რომელიც რეალურად დააყენებდა ეჭვქვეშ არჩევნების შედეგებს. ასე იყო წინა საპარლამენტო არჩევნების შედეგებიც. ერთადერთი, რაც მინდა ვისურვო, რომ ეუთო/ოდირი, რომელიც იმედია რომ ჩამოვა, დააკვირდება არჩევნების მსვლელობას, იყოს თავისივე დასკვნის პრინციპული დამცველი", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.