ჯანდაცვის მინისტრის თქმით, პირველადი ჯანდაცვა მომდევნო წელს ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება და სახელმწიფო ამ მიმართულებით მნიშვნელოვან რეფორმებს გააგრძელებს

მიხეილ სარჯველაძე

"ჯანდაცვის სერვისების ხარისხი კიდევ უფრო მეტად დაიხვეწება. მომდევნო წლის განმავლობაში, კიდევ უფრო მეტად იქნება ორიენტირებული პაციენტისთვის საუკეთესო შედეგების მიღწევაზე. ბუნებრივია, რომ ეს დამატებით გაზრდილი შესაძლებლობებია ჩვენთვის და გაზრდილი პასუხისმგებლობაც, რომ თითოეული თეთრი, რომელიც იქნება გამოყოფილი ჯანდაცვისთვის მაქსიმალურად ეფექტიანად იყოს გამოყენებული", - აღნიშნულის შესახებ მიხეილ სარჯველაძემ, სამინისტროს ბიუჯეტის ზრდასთან დაკავშირებით განაცხადა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება პირველადი ჯანდაცვა და მომდევნო წელს, სახელმწიფო, ამ მიმართულებით, მნიშვნელოვან რეფორმებს გააგრძელებს.

"ეს არის ყველაზე ხშირად გამოყენებადი სამედიცინო სერვისი, რომელიც ყველაზე მეტი ეფექტის მომტანი უნდა იყოს თითოეული მოქალაქისთვის. საბედნიეროდ ყველა მოქალაქეს რთული და კომპლექსური მკურნალობა არ სჭირდება და იმისათვის, რომ რაც შეიძლება ნაკლებ ადამიანს სჭირდებოდეს ასეთი მკურნალობა, აი, ამ ფუნქციის მატარებელია მთლიანად პირველადი ჯანდაცვის რგოლი, იმისათვის, რომ რაც შეიძლება ეფექტურად ახდენდეს ადამიანი მძიმე დაავადებების პრევენციას. იმავდროულად ეს არის რგოლი, რომელიც სწორ მიმართულებას აძლევს ადამიანს, რომელსაც აქვს გარკვეული კითხვები ჯანდაცვის სექტორთან დაკავშირებით - სად უნდა გააგრძელოს მკურნალობა, რომელ სპეციალისტს მიმართონ, რამდენად აუცილებელია ჰოსპიტალიზაცია თუ შეიძლება, შემთხვევა, იმართებოდეს სახლშიც და ა.შ. იმისათვის, რომ მარტო არ აღმოჩნდეს დაავადებასთან ბრძოლაში ადამიანი, პირველი მრჩეველი, ვინც ჰყავს მას, არის პირველადი ჯანდაცვა. აქედან გამომდინარე, ნათელია, რამდენად დიდია მნიშვნელობა ამ რგოლის გამართული ფუნქციონირებისა და პოტენციალი, რომელიც მას აქვს. პირველადი ჯანდაცვის სისტემაში, მიცემული რჩევების შედეგად, შესაძლოა არსებითად შემცირდეს ჰიპერტენზიის შემთხვევები, შეიძლება თავიდან იქნეს არიდებული ისეთი გართულებები, როგორიც არის ინსულტი  და სხვა", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.