ევროპის შიდსის კლინიკური საზოგადოების (EACS) კონფერენცია აივ/შიდსის და ვირუსული ჰეპატიტების მკურნალობისა და მოვლის სტანდარტების შემუშავების საკითხებზე

შიდსის ცენტრი

13-14 ოქტომბერს ქ. ბრიუსელში გაიმართა ევროპის შიდსის კლინიკური საზოგადოების (EACS) კონფერენცია აივ/შიდსის და ვირუსული ჰეპატიტების მკურნალობისა და მოვლის სტანდარტების შემუშავების საკითხებზე. კონფერენცია შეაჯამა საზოგადოების (EACS) პრეზიდენტმა პროფესორმა Sanjay Bhagani-მა (ინგლისი), - ინფორმაციას ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრი ავრცელებს.

„კონფერენციაზე საქართველოდან საორგანიზაციო კომიტეტის მოწვევით და დაფინანსებით წარმოდგენილი იყო ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ექიმების და მეცნიერების დიდი ჯგუფი (9 პიროვნება), რაც ქართული მედიცინის კიდევ ერთი აღიარებაა.

პროფესორი თენგიზ ცერცვაძე იყო კონფერენციის თანათავმჯდომარე დარგის ერთ-ერთ ევროპელ ლიდერთან პროფესორ Jürgen Rockstroh-სთან (გერმანია) ერთად.

პროფესორები აკაკი აბუთიძე და ფატი გაბუნია იყვნენს კონფერენციის ცალკეული სექციების (5 სექციის) და სამუშაო პანელების თავმჯდომარეები.

ცენტრის კიდევ ერთი პროფესორი ნიკოლოზ ჩხარტიშვილი ასევე დასახელებული იყო ცალკეული სექციების და სამუშაო პანელების თავმჯდომარედ და მომხსენებლად, მაგრამ სამწუხაროდ, წამოსვლა ვერ შეძლო.

პროფესორი თენგიზ ცერცვაძე კონფერენციის გახსნაზე წარდგა ვრცელი ლექციით (opening speech), სადაც მან დამსწრეთ გააცნო C ჰეპატიტის ელიმინიციის და აივ/შიდსის კლინიკური მართვის ქართული მოდელები და აღნიშნა, რომ საქართველო ძალიან დიდი ალბათობით გახდება მსოფლიოში პირველი ქვეყანა, რომელიც 2025 წლისთვის შეძლებს ქვეყანაში 21-ე საუკუნის ორი მთავარი ეპიდემიის: C ჰეპატიტის და აივ/შიდსის დასრულებას, იგულისხმება C ჰეპატიტის ელიმინაცია და აივ/შიდსის ახალი შემთხვევების მინიმალურ ნიშნულამდე (ნულთან ახლოს) დაყვანა. მან აგრეთვე აღნიშნა, რომ საქართველო ბოლო 6 თვის მანძილზე ინარჩუნებს COVID-ით გარდაცვალების შემთხვევებს მინიმალურ ნიშნულზე და საქართველო არის ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, სადაც თითქმის შესაძლებელი გახდა COVID-ის, როგორც რიგითი რესპირაციული ინფექციის მართვა. 

მოხსენებამ ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია და უმაღლესი შეფასება დაიმსახურა.

პროფესორებმა აკაკი აბუთიძემ და ფატი გაბუნიამ, აგრეთვე სხვა ქართველმა ექიმებმა ძალიან აქტიური მონაწილეობა მიიღეს აივ/შიდსის და ვირუსული ჰეპატიტების მკურნალობისა და მოვლის ევროპული და ნაციონალური სტანდარტების განხილვასა და შემუშავებაში.

კონფერენციაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველო არის მსოფლიოს უპირობო ლიდერი C ჰეპატიტის ელიმინაციაში და ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა აივ/შიდსთან ბრძოლაში“ - წერია ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.