„არაგადამდები დაავადებების დიდი ნაწილი ატმოსფეროს დაბინძურებით არის გამოწვეული, მწვავე მოწამვლათა რაოდენობა კი ყოველწლიურად მატულობს", - კლინიკურ ტოქსიკოლოგთა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე თეიმურაზ კობიძე

კობიძე

„მსოფლიოში, უკვე ათეული წლებია, რაც შექმნილია „ტოქსიკური სიტუაცია“ - მრეწველობის საწარმოები ატმოსფეროში, ნიადაგსა და წყალში, წამში, 310 კგ ტოქსიკურ ნივთიერებას აფრქვევს. აქედან, დაახლოებით, 65 კგ აღიარებული კანცეროგენული ნივთიერებაა. წლის განმავლობაში კი, მსოფლიო სამრეწველო საწარმოები, გარემოში გამოყოფს, დაახლოებით, 10 მილიონ ტონა ტოქსიკურ ქიმიურ ნაერთს, რომლის 2 მილიონ ტონაზე მეტი აღიარებულ კანცეროგენულ ნივთიერებად ითვლება“, - ამბობს საქართველოს კლინიკურ ტოქსიკოლოგთა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე თეიმურაზ კობიძე.

მისივე განმარტებით, ატმოსფეროს დაბინძურებაში, დიდი წილი ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვ აირებს ეკუთვნის - მასში 200 კომპონენტია აღმოჩენილი: ტყვია, ალდეჰიდები, კანცეროგენური ბენზპირენი და სხვა, რომლებიც სერიოზულ ზიანს აყენებს არამხოლოდ გარემოს, არამედ - ადამიანის ჯანმრთელობასაც.

„მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის 2024 წლის მონაცემებით, მხოლოდ სატრანსპორტო საშუალებებისა და საწარმოების გამონაბოლქვით, ატმოსფეროს დაბინძურება გახდა 4,5 მილიონი ადამიანის გარდაცვალების მიზეზი. მსოფლიოში არსებული „ტოქსიკური სიტუაცია“ სათანადოდ აისახა საქართველოზეც - არაგადამდები დაავადებების დიდი ნაწილი ატმოსფეროს დაბინძურებით არის გამოწვეული, მწვავე მოწამვლათა რაოდენობა კი ყოველწლიურად მატულობს", - ამბობს თეიმურაზ კობიძე.