გალში ტრაგიკულად დაღუპული ბავშვების მშობლები დაშორდნენ - ქრისტინე სორდია ვიდეომიმართვას ავრცელებს
1760384844
მსახიობი თათული ედიშერაშვილი მაყურებელს გამორჩეულად უყვარს. მან ქართულ ტელეეკრანზე საკულტო სახე შექმნა, რომელიც ყოველთვის დადებით ემოციას იწვევს ნებისმიერი ასაკის ადამიანში. ტელევიზიის პარალელურად, თათული თეატრის მსახიობიც გახლავთ, სადაც მის მიერ შექმნილი პერსონაჟები მრავალფეროვანია.
თათულის ახმეტელის თეატრში სპექტაკლ «ხანუმას» დაწყებამდე ვესტუმრეთ, მისთვის ახლა რთული პერიოდი დგას, რადგან «ხანუმას» დამდგმელი რეჟისორის ოთარ ქათამაძის გარდაცვალების შემდეგ პირველად უწევს თამაში.
- არ ვიცი კარგი რეჟისორი დავკარგე თუ კარგი მეგობარი ჩემთვის. ვიტყვი ოთარ ქათამაძე - ოთია, წავიდა და ძალიან დააკლდება თეატრალურ ცხოვრებას. უსაზღვროდ ნიჭიერი დრამატურგი, მსახიობი და რეჟისორი იყო. რაც მთავარია იყო კარგი ადამიანი. ადამიანი არ მეგულება ვისაც ძალიან არ უყვარდა ჩვენი ოთო. პირველად ახლა გვიწევს მის გარეშე თამაში და რთულია ამის გადალახვა. სულ მგონია უნდა მომწეროს ან კარი შემოაღოს. სულ ველოდები, მოვინდომებ რაღაც ჩავუგდო და არ არის... ვერ მოვუყვები. ოთო სულ გელაპარაკები გულში, მე მჯერა იმ სამყაროში ცხოვრება გრძელდება და მის არსებობასაც ვგრძნობ.
- ცხოვრებაში არაერთხელ გქონიათ რთული პერიოდი, თუმცა მუდამ ცდილობთ ეს შეუმჩნეველი იყოს, როგორ ახერხებთ?
-ძალიან რთული პერიოდები მქონია. ისეთი პერიოდიც მქონდა, როცა სახლში ლოგინად ჩავვარდი, ეს იყო მაშინ როცა დედა გარდამეცვალა. მაგრამ ყოჩაღ ჩემს თავს, რადგან ბოლომდე არ გავყევი ამას. ეს ალბათ ჩემი მებრძოლი ბუნებიდან გამომდინარე მოხდა. არ შემიძლია როცა ვინმეს ვეცოდები, კარგზეც მეტირება, მაგრამ ვცდილობ ეს ყველაფერი ჩემთვის დავიტოვო. ისედაც მიწევს ვიყო აქტიური და საინტერესო. ადამიანებს ძალიან ღლით შენი სევდა, როცა ცუდად ვარ და მეკითხებიან, როგორ ხარო, ესეც არ მომწონს.
- თათული იმის პარალელურად, რომ ხარ წარმატებული მსახიობი, ხარ კარგი მეუღლე და დედაც, როგორ უთავსებ ამ ყველაფერს ერთმანეთს?
- პირველ რიგში ამაში მეხმარება ჩემი ხასიათი. საკმაოდ დისცპლინირებული ადამიანი ვარ. არ მიყვარს დაგვიანება, არეულობა, ყოველთვის ვცდილობ მოწესრიგებულობა იყოს დიდი დოზით პროფესიულ თუ ოჯახურ ყოფაში. რაც უფრო მობილიზებული და დაკავებული ვარ, ეს უფრო კარგია. თუ ვიცი დილით 10 საათზე რეპეტიციაზე უნდა ვიყო, საღამოს ვამზადებ ოჯახისთვის სადილს და ა.შ. მე ვფიქრობ პროფესია და ოჯახი ერთმანეთს ხელს არ უშლის. როცა ამბობენ, თითქოს რაღაცას ვერ ასწრებენ გაპრანჭული პოზა მგონია, მაგრამ ქალს ესეც უხდება.
- როგორ ახერხებ, რომ ყველა დაბრკოლება წარმატებით გადალახო?
- ხასიათიც არის ეს, გენეტიკურადაც უნდა მოგსდევდეს მებრძოლი უნარი. ვერ ვიტყვი რომ მგლებს ხროვაში გავიზარდე, მაგრამ ცხოვრებისეული გამოცდილებები გაყალიბებს ბრძოლისუნარიანად. თუ გინდა რომ უფრო განვითარდე, ყოველთვის თქვა შენი სათქმელი და შენს თავს აჩვენო რა შეგიძლია ეს. როცა ამ პროფესიაში ხარ რატომ არ უნდა იყო ბრძოლისუნარიანი.
- ინტრიგები თუ შეგხებია?
- რა თქმა უნდა შემხებია ინტრიგები, მაგრამ მე ამაზე მეცინება. ინტრიგებს რომ აყვე ინტრიგანი უნდა იყო. ადამიანი ინტრიგანი არის იმ შემთხვევაში, როცა სათქმელს ვერ ამბობს, რაში მჭირდება ეს - პირდაპირ ვიტყვი მეწყინა, მეტკინა თუ გამეხარდა. რაც უფრო გულწრფელი ხარ უფრო მშვიდად გძინავს ღამე. რა დროს ინტრიგაა 21-ე საუკუნეა გარეთ.
- ოჯახური ურთიერთობები კრიზისების გარეშე წარმოუდგენელია, თქვენ თუ შეგხებიათ კრიზისები?
- რა თქმა უნდა იყო პრობლემები, ყველა ურთიერთობაში არის კრიზისები და ზუსტად ეგაა სიყვარულის ძალა - კრიზისი გონიერად და დაფასებულად დაძლიო. კრიზისის გაძლება საინტერესო პროცესია, ეს გზრდის. საკუთარ თავში აღმოაჩენ რისი გაძლება შეგიძლია, რისი დათმობა, უფრო აკონკრეტებ შენს პრინციპებს ურთიერთობაში. როცა მეორე მხარეც ჯანსაღად აზროვნებს, ოჯახში არის სიყვარული და პატივისცემა დაუძლეველი არაფერია.
- ვიცი, რომ შვილებთან მეგობრული ურთიერთობა გაქვთ, გვიამბეთ თქვენს ქალიშვილებზე?
- თუკი რამეზე შეიძლება ვთქვა, რომ ბედნიერი ვარ 100 პროცენტით ბედნიერი ვარ ჩემი შვილების გამო. ყოველდღე მადლობას ვეუბნები ღმერთს ამის გამო. ძალიან მომწონს როგორებიც არიან ჩემი გოგონები. მე ასე დედაჩემი არ მაქებდა, რადგან ჩვენ დროს მშობლები ასე არ აქებდნენ შვილებს. წელიწადი და სამი თვეა მათ შორის განსხვავება და ტყუპებივით არიან, კარგად სწავლობენ, კარგი მიზნები აქვთ და ეს არის ოჯახის და იმ გარემოს დამსახურება სადაც სწავლობენ. არ შეიძლება მხოლოდ ოჯახს დააბრალო შენი შვილების წარმატება, ამაში დიდი წვლილი მიუძღვის იმ საგანმანათლებლო დაწესებულებებს სადაც სწავლობენ. ძალიან მიყვარს ჩემი შვილების პედაგოგები. ბევრი რამ დამითმია შვილებისთვის და ეს ნორმალურია.
- ვიცი, არ გინდა თქვენს გზას გაჰყვნენ...
- არ მინდაზე არ არის. მათ ისეთი კარგი გეგმები აქვთ, ისეთი გონიერი და კარგი თაობა მოდის მე არ ჩავერევი მათ არჩევანში.