„ფარდა რომ აიხადა, კახი კავსაძე ცუდად გახდა, შეკრულ მუშტს ირტყამდა გულზე, ეჩხუბებოდა - იმუშავეო“ - უცნობი ამბები საუკუნის სპექტაკლიდან „მოხუცი ჯამბაზები“

მოხუცი ჯამბაზი

„პირველად ვყვები, სცენის მიღმა რაც ხდებოდა. მაყურებელი, რასაკვირველია, ამ ყველაფერს ვერ ხედავდა, ვერ გრძნობდა. იმდენად შემართებით თამაშობდნენ, დაღლა, ტკივილი არავის ეტყობოდა. ესენი იყვნენ უმაღლესი კატეგორიის პროფესიონალები და მათთვის სცენაზე დგომა სიცოცხლის გახანგრძლივება იყო...", - იხსენებს რეჟისორი გოჩა კაპანაძე და საუკუნის სპექტაკლზე უცნობ ამბებს პირველად "კვირის პალიტრასთან" ჰყვება... 

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან

- ბატონო გოჩა, „მოხუცი ჯამბაზები“ საუკუნის სპექტაკლად შეფასდა... რომ გაიხსენოთ, როგორ დაიწყო ყველაფერი... 

 - ეს იდეა გიზო ჟორდანიას ეკუთვნის... ერთ დღესაც დამირეკა და მითხრა, რომ მარჯანიშვილის თეატრში მივსულიყავი. დარწმუნებული ვიყავი, სპექტაკლის დასადგმელად მიწვევდა, იმ პერიოდში თეატრის მთავარი რეჟისორი გახლდათ.

ბატონმა გიზო ჟორდანიამ მითხრა, საშენო, კარგი პიესა მაქვს, გადახედეო... რონალდ ჰარვუდის პიესა თამაზ გოდერძიშვილის მიერ იყო გადმოქართულებული. გიზო ჟორდანიამ თქვა, ეს პიესა თემურ ჩხეიძემ გადმომიგზავნა, რომ განმეხორციელებინა, მაგრამ ვფიქრობ, საშენოაო... ვინაიდან პიესებს ძალიან სწრაფად ვკითხულობ, წასაკითხად ერთი საათიც არ დამჭირდა, სიუჟეტიც მომეწონა და რამაც ყველაზე მეტად მომხიბლა, ფრჩხილებში ეწერა, რეჟისორს შეუძლია დამატებით, მისი ფანტაზიის გათვალისწინებით, ამ მოხუცებულთა სახლში მცხოვრები გმირები შემოიყვანოსო... ამან კიდევ უფრო ინტრიგა გამოიწვია ჩემში და შემდეგ გამახსენდა, რომ ეს ის ავტორია, რომლის პიესის მიხედვით შეიქმნა ჰოლივუდის ძალიან ცნობილი ფილმი - „პიანინო“...

სპექტაკლზე ფიქრი სერიოზულად დავიწყე, რომელიც მარჯანიშვილის თეატრში უნდა განხორციელებულიყო. შემადგენლობა უნდა ყოფილიყო - ოთარ მეღვინეთუხუცესი, ნოდარ მგალობლიშვილი, სოფიკო ჭიაურელი, თამარ სხირტლაძე... აგრეთვე, კიდევ ერთი შემადგენლობა - თენგიზ არჩვაძე, გივი ბერიკაშვილი, ქეთევან კიკნაძე, გურანდა გაბუნია...

ეს პიესა წარმოებაში ჩაეშვა, მხატვარი - შმაგი სავანელი დანიშნული იყო... მსახიობები გაეცნენ, იყო პატარ-პატარა შენიშვნები დრამატურგიის მიმართ, მაგრამ ეს აბსოლუტურად სამუშაო პროცესი იყო.

ცოტა ხანში აღმოჩნდა, რომ მარჯანიშვილის თეატრში ამ სპექტაკლის განხორციელება შეუძლებელი იყო რეორგანიზაციის დაწყებისა და ტექნიკური შეფერხების გამო. 8 თვეს ველოდებოდი და შემდეგ ბატონმა გიზომ მითხრა, ამ პიესას რამე ვუშველოთო...

- შემდეგ პიესა დასადგმელად რუსთაველის თეატრს შესთავაზეთ?

- ისე მოხდა, რომ, სრულიად უსაქმური, რუსთაველზე მივდიოდი და რობერტ სტურუა თეატრიდან გამოვიდა... მკითხა, რას აკეთებ, ჩვენს თეატრში სპექტაკლს რატომ არ დგამო... ვუპასუხე, რომ თუ არ მიმიწვევდნენ, ვერ დავდგამდი და ამაზე მიპასუხა, მოდი, რამე პიესა მოიტანეო. პიესა უკვე გამზადებული მქონდა, რა თქმა უნდა, ბატონ გიზო ჟორდანიასთან სულ კონტაქტზე ვიყავი და ყველაფერს ვუთანხმებდი. წაიკითხეთ სრულად