სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ - „ტემპერატურამ შესაძლებელია 40 გრადუსს მიაღწიოს“
1752836636
1989 წლის 20 აგვისტოს, ბევერლი ჰილსში ხოსე და მერი ლუის მენენდესები თავიანთ სახლში დახვრეტილები იპოვეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ მკვლელობაში მათი ვაჟები - ლაილი და ერიკ მენენდესები იყვნენ დამნაშავეები. მათ სამუდამო პატიმრობა მიესაჯათ. პოლიციამ მკვლელების ცხოვრების შემზარავი დეტალები აღმოაჩინა, რის გამოც მიუხედავად ცივსისხლიანი მკვლელობისა, დღესდღეობით ბევრი ადამიანი ითხოვს ძმების გათავისუფლებას.
მენენდესების ოჯახი საზოგადოებაში დიდი პატივისცემით სარგებლობდა. ხოსე მენენდესი კუბელი ემიგრანტი გახლდათ, რომელმაც ამერიკის შეერთებულ შტატებში დიდ წარმატებას მიაღწია და ცნობილი ბიზნესმენი გახდა. მან 1960-იან წლებში მერი ლუის ანდერსონზე იქორწინა და წყვილს ორი ვაჟი ეყოლა. შვილებს მამა განსაკუთრებულად უყვარდათ და მისთვის თავის მოსაწონებლად ყველაფერს აკეთებდნენ. არავინ იცოდა, რომ ერთი შეხედვით იდეალური ოჯახის სოციალური სტატუსის მიღმა ფიზიკური, ფსიქოლოგიური და სექსუალური ძალადობა იმალებოდა.
პროკურატურის მტკიცებით, დანაშაულის მოტივს ხოსე მენენდესის ქონების მიღება წარმოადგენდა, რადგან მშობლების მკვლელობის შემდეგ, დამნაშავეებმა შეიძინეს ძვირად ღირებული ნივთები. თუმცა, გამოძიებამ დაადგინა, რომ ხოსე მენენდესი შვილებზე ხშირად ძალადობდა, რაც დაცვის მხარის მთავარი ხელჩასაჭიდი გახდა. მათი ადვოკატის თქმით, ბიჭები ექვსი წლიდან განიცდიდნენ მამის მხრიდან ძალადობას. მოგვიანებით ადვოკატმა გამოავლინა, რომ მერი ლუის მენენდესმა ძალადობის შესახებ ყველაფერი იცოდა, თუმცა შვილების დასახმარებლად არაფერს აკეთებდა. მეტიც, ის ოჯახს მოწამვლით ემუქრებოდა. სასამართლოში გამოცხადნენ მოწმეები, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ მენენდესების ოჯახში ნამდვილად ჰქონდა ძალადობას ადგილი. საბოლოოდ გამოჩნდნენ ლაილის და ერიკის ბიძაშვილები, რომლებმაც სასამართლოს უამბეს, თუ რას უყვებოდნენ მათ ჯერ კიდევ ბავშვობაში ერიკი და ლაილი სექსუალური ძალადობის შესახებ. ბავშვები მათ უმტკიცებდნენ, რომ მამა მათ ხშირად მათი ნების საწინააღმდეგოდ ინტიმურ ადგილას ეხებოდა და "მასაჟს" უკეთებდა.
მოგვიანებით სასამართლო პროცესზე თავად დამნაშავეებიც დაიკითხნენ. მათმა ჩვენებებმა საზოგადოება შოკში ჩააგდო. ორივე ძმა ამტკიცებდა, რომ ექვსიდან თვრამეტ წლამდე მამა მათზე ნების საწინააღმდეგოდ სექსუალურად ძალადობდა. ხოსე მენენდესი შვილებს სისტემატურად სცემდა, აუპატიურებდა, აძალებდა პორნოგრაფიის ყურებას, უღებდა სექსუალური ხასიათის ფოტოსურათებს და მათთან ორალურ და ანალურ სექსუალურ კავშირს ამყარებდა. სექსუალური ძალადობის დროს ხოსე მენენდესი ხშირად იყენებდა სხვადასხვა ნივთებს. ბავშვები დედას დახმარებას სთხოვდნენ, თუმცა მერი ლუისი შვილებს ტყუილში ადანაშაულებდა.
მტკიცებულებების სახით, დაცვის მხარემ წარმოადგინა ერიკისა და ლაილის შიშველი ფოტოსურათები, რომლებიც მათ ხოსე მენენდესმა გადაუღო. ასევე წარმოდგენილ იქნა წერილი, რომელიც ერთ-ერთმა ძმამ ბავშვობაში ოჯახის წევრს მისწერა. წერილში ის აღწერდა თუ როგორ ძალადობდა მამა ორივე შვილზე.
მოწმეთა ჩვნებებისა და მტკიცებულებების მიუხედავად, სასამართლომ ლაილ და ერიკ მენენდესს უვადო პატიმრობა მიუსაჯა. ისინი 2018 წლამდე სხვადასხვა პენიტენციურ დაწესებულებაში იხდიდნენ სასჯელს და ერთმანეთთან შეხვედრის უფლება არ ჰქონდათ, თუმცა საბოლოოდ ორივე მათგანი სან დიეგოს ციხეში გადაიყვანეს, სადაც ისინი დღემდე იხდიან სასჯელს.
1989 წლიდან დღემდე ძმებზე უამრავი წიგნი თუ დოკუმენტური ფილმი გამოიცა. ცოტა ხნის წინ, Netflix-მა ახალი სერიალი - "Monsters" დააანონსა, სადაც დეტალურად იქნება აღწერილი მენენდესების ოჯახის ცხოვრება.
დღესდღეობით დამნაშავეებს ბევრი გულშემატკივარი ჰყავს, რომლებიც აქტიურად ითხოვენ მათ გათავისუფლებას.