„ბაბუ, მე ეხლა ვკვდები და არ შეგეშინდეს, ქვისგანაც რომ სითბო იგრძნო, იცოდე, რომ ის ქვა მე ვარო“ – დღეს ნოდარ დუმბაძის დაბადების დღეა

ნოდარ დუმბაძე

დღეს, 14 ივლისს ლეგენდარული ქართველი მწერლის, ნოდარ დუმბაძის დაბადების დღეა.

ნოდარ დუმბაძე 1928 წლის 14 ივლისს თბილისში დაიბადა. მისი პირველი ლექსები თსუ-ს სტუდენტურ ალმანახში დაიბეჭდა.

1950 წლიდან ნოდარ დუმბაძის ლექსები და იუმორისტული მოთხრობები სისტემატურად იბეჭდებოდა ქართულ პრესაში. მოთხრობების პირველი კრებული „სოფლელი ბიჭი“ გამოქვეყნდა 1960 წელს.

მწერალს აღიარება პირველივე რომანებმა – „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ (1960) და „მე ვხედავ მზეს“ (1962) მოუტანა.

მწერლის ქალიშვილი ქეთი დუმბაძე მამასთან დაკავშირებით საინტერესო და უცნობ ისტორიებს იხსენებს, რომელსაც artinfo აქვეყნებს:

„მამას თავისი განსაკუთრებულობა ჰქონდა. ის ძალიან ჰუმანური, დადებითი და ძალიან კეთილია და ყველა ასაკში სხვადასხვანაირად იკითხება.

მამა სულ ამბობდა, იუმორი იმიტომ ავირჩიე, რომ თავისუფლება მინდოდაო. ოლღა ბებია რომ ამბობს, ჩემი ძუძუები გლოცავენო, ან სიკვდილის წინ რომ ლოცულობს, რა მოხდა მერე, ყველა ბებია ხომ ლოცულობს თავისი შვილიშვილისთვის.

ახლა ვეღარ ვკითხულობ მამას, იმიტომ, რომ სულ ვტირი, განა იმიტომ, რომ მამა მენატრება, არა, უბრალოდ ყველაფერზე მეტირება, ქვეტექსტებს ვიგებ სულ სხვა დატვირთვით.

მამას გამოცემისთვის ვამზადებდი “მე ვხედავ მზეს” და “მე, ბებია, ილიკო და ილარიონს” და დახმარება კორექტურაში ჩემს მეგობარს ვთხოვე. ჩემი მეგობარი მექანიკურად კითხულობდა და უცბად ერთ ადგილას გავჩერდი.

მეგობარს ვუთხარი, ახალი აღმოჩენა გავაკეთე და ცუდად ვარ-მეთქი. ბურთი გამეჩხირა ყელში და სული ვეღარ მოვითქვი.

არ ვიცი, მერამდენეჯერ ვკითხულობდი “მე ვხედავ მზეს”, მაგრამ მაშინ პირველად ჩავავლე ფრაზა, როდესაც სოსოია იცმევს შარვალს და ბრმა გოგოს ეუბნება, მიტრიალდი, შარვალი უნდა ჩავიცვაო.

ვითომ ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ ამაზე მეტი ჰუმანიზმი რა გინდათ? მისთვის ხატია არის ხატია, რომელიც ხედავს სოსოიას და ხედავს მზეს.

ერთხელ ჩემი ლევანიკო ავად იყო, ბაბუას მოთხრობები მომეციო, მთხოვა. ამოვარჩიე “ძაღლი”. ვიფიქრე, სიღრმეებში ვერ შევა და ვერ გაიგებს-მეთქი, ბაბუ რომ ეუბნება, ბაბუ, მე ეხლა ვკვდები და არ შეგეშინდეს, ქვისგანაც რომ სითბო იგრძნო, იცოდე, რომ ის ქვა მე ვარო.

ბავშვმა გამოაქანა ეს წიგნი ტირილით და მითხრა, შენც ცუდი ხარ და ბაბუც ცუდიაო. ემოცია, რომელიც საჭირო იყო, ჩემმა შვილმა მაშინ მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ ნოდარ დუმბაძე იუმორისტი მწერალი ჰგონიათ, ეს ასე სულაც არ არის, მისი მოთხრობები დაღვინებულმა უნდა წაიკითხო.

ახლა ვხვდები ბევრ რამეს. სიკვდილის წინ მამამ თქვა, მალე მოვკვდები, ჩემი გარდაცვალების მერე ჩემს წიგნებს სულ სხვანაირად წაიკითხავ, დრო გავა და სხვებიც სხვანაირად წაიკითხავენო და ეს მართლა გამოვცადე საკუთარ თავზე.

ახლა მართლა აღმოჩენებს ვაკეთებ. ილიკო და ილარიონი ძალიან სასაცილოა 12-15 წლის ასაკში. როცა 35 წლის ასაკში კითხულობ, სულ სხვა ემოცია შემოდის.

ხვდები, რომ იქ 37 წელია, რატომ არის ზურიკელა ობოლი, რატომ არის სოფელში, რატომ ეუბნება ოლღა ბებია, რა ვიცი, მამაშენი 37 წლის სახლიდან რომ გავიდა, მერე აღარ დაბრუნებულაო.

“მზიან ღამეში” პირდაპირ არის გაშიფრული, დედა გადასახლებიდან ჩამოდის, ღამე როგორ ეძებს იმ ხალს, რომელიც შვილს ჰქონდა, რომ დარწმუნდეს, საკუთარი შვილია თუ არა.

სტალინი რომ კვდება, დედა ეუბნება, რადიომ თქვას შვილო, შენ არ თქვა, არ გაიმეოროო. დედას რომ ეხვეწება, არ მომიკვდე, ახლა ვიგრძენი, რომ ჩემი დედა ხარ და ისევ არ მიმატოვოო.

ახლა ვხვდები და ვიცი, მამაჩემი რატომ მოკვდა ასე ადრე, იმიტომ, რომ ამდენი უბედურება თავად გადაიტანა – ობლობა, შვილის სიკვდილი, ნათესავების ტრაგედია, ჰელადოსები, ოლღა ბებია, ყველაფერი მის ცხოვრებაში რეალურად იყო“.

ნოდარ დუმბაძე 1984 წელს გარდაიცვალა. თავდაპირველად დაკრძალული იყო ქალაქ თბილისში, საბავშვო ქალაქ „მზიურში“, რომლის აშენების იდეა თავად ეკუთვნოდა, ხოლო 2009 წლის 14 სექტემბერს მისი ნეშტი მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში გადაასვენეს.