101 წლის წინ, ერთ დღეს დაიბადნენ, იქორწინეს და... ერთ დღეს, ერთად დაიღუპნენ

ნოე მუმლაძე და მარიამ ციცვიძე

ნოე მუმლაძე და მარიამ ციცვიძე 101 წლის წინ ერთსა და იმავე წელს, ერთსა და იმავე დღეს დაიბადნენ და ერთ დღეს, 2021 წლის, 16 აგვისტოს ერთად დაიღუპნენ. ტრაგედია ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მანდაეთში მოხდა. საქართველოში უხუცესი წყვილი ხანძარს ემსხვერპლა. ცეცხლი მათ საცხოვრებელ სახლში გაჩნდა. ცეცხლის გამომწვევი მიზეზი უცნობია. ცოლ-ქმარი სახლში მარტო იმყოფებოდა.

ყველაზე ხანდაზმულ წყვილის შესახებ ინტერვიუ, ჟურნალისტმა ეკა სალაღაიამ მაშინ ჩაწერა, როდესაც ისინი 100-100 წლისანი შეიქმნენ.

გთავაზობთ მცირე ამონარიდს ინტერვიუდან

ჭიათურის სოფელ მენდაეთში, ნოე მუმლაძე და მისი მეუღლე მარო  ციცვიძე-მუმლაძე ცხოვრობენ. ტკბილი წყვილია, საინტერესო ცხოვრება გამოვლილი. წელს ისინი 100-100 წლისანი გახდნენ, პლუს ამას,  ქორწინების 76  წლისთავი შეუსრულდათ.  ჯვარი  შვილიშვილების ინიციატივით დაიწერეს. ამბობენ ტკბილად შევაბერდით ერთმანეთსო. განვლილი დღეები თბილად ახსენდებათ და ყოველ მეორე სიტყვაზე გვლოცავენ, –  ჩვენი ხნისა მოიყარენითო.

მუხლი ძველებურად აღარ გვიჭრის, მაგრამ  იმერული სტუმართ-მოყვარეობა და სიტყვა-პასუხი სისხლში გვაქვს გამჯდარიო, გვეუბნებიან და მწვანეში ჩაფლულ ეზოში ღიმილით გვეგებებიან.

ნოე მუმლაძე: 1920 წელს ერთ დღეს დაბადებულები ვართ, წელს 100 წლისანი გავხდით. ყველაფერი გამოვცადე ცხოვრებაში და დამიჯერეთ, მთავარი ოჯახისა და სამშობლოს სიყვარული, ერთგულება და  პატიოსანი სახელია.

1937 წელს მამაჩემი რომ დააპატიმრეს, მე სკოლიდან გამომაგდეს. მოხუცი დედა მყავდა, ყველაფერში ვეხმარებოდი, ძალ-ღონეს არ ვზოგავდი. მერე ჯარში გამიწვიეს, მეც მიმეჩქარებოდა, ვიფიქრე იქ მაინც ვისწავლი რაღაცას-თქო. საგზაო ბატალიონში გვიკრეს თავი, ბაქოში გვამუშავეს. 1941 წელს ომი რომ დაიწყო,

ვაგონებში ჩავსხეს,  არ ვიცოდით სად მივყავდით. ჯერ თბილისში ჩამოგვიყვანეს, იქიდან ლენინაკანში. ხიდის მშენებლობაზე გაგვამწესეს.  მშენებლობა რომ დასრულდა სტალინი, ბერია და ორჯონიკიძე ჩამოვიდნენ გახსნაზე. დაგვაწყვეს ბატალიონი  მწკირვში და მივჩერებოდით. იმის შემდეგ რამდენი ხიდი ავაშენეთ…  დილიჟანში გზის გაყვანაზეც ვიმუშავეთ.  შვებულებით მიშვებდნენ ხოლმე 1 კვირით მანდაეთში.

- როდის იქორწინეთ?

- ცოლი ადრე მინდოდა შემერთო, მაგრამ ომს თავისი წესები აქვს… მე და მარო ერთი სოფლიდან ვართ, 1 კილომეტრში ცხოვრობდა ჩვენგან.

ერთ-ერთი შვებულებისას, 1945 წლის 1 მაისს შევირთე ცოლად და 2-ში ისევ  ჯარში წავედი. მერე ომიც მალევე დამთავრდა, მაგრამ აღარ მიშვებდნენ, კარგად მუშაობ, ოჯახი ჩამოიყვანე და აქ იცხოვრეო.  იმდენი ვქენი საბოლოოდ გამათავისუფლეს. 1945 წლის ივნისი იყო, შინ რომ დავბრუნდი. სრულად

ასევე ნახეთ:

დააჯამეთ თქვენი ტელეფონის ნომრის ციფრები და გაიგეთ, რა გავლენას ახდენს ის თქვენს ბედ–იღბალზე

„გაორებული ვარ... ოჯახის წევრებს ვერაფერს ვეუბნები...“- ინტერნეტით დაწყებული რომანი

„ძალიან ცუდი წელი იყო... მოხდა ის, რისიც მთელი ცხოვრება მეშინოდა...“ - მიშა ავსაჯანიშვილი