ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ინოვაციებისა და სტარტაპ-აქსელერაციის საზაფხულო სკოლა - 2026 დასრულდა

Kiu

ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა (KIU) და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA)  ერთობლივი პროექტის - ინოვაციებისა და სტარტაპ-აქსელერაციის საზაფხულო სკოლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიება გახსნეს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის აღმასრულებელმა დირექტორმა/რექტორმა, ვახტანგ ცაგარელმა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) თავმჯდომარემ, ავთანდილ კასრაძემ.

პროგრამის ფარგლებში, KIU-ს სტუდენტებმა მიიღეს ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება სტარტაპის შექმნისა და განვითარების მიმართულებით. ახალგაზრდები რამდენიმე კვირის განმავლობაში ამუშავებდნენ საკუთარ იდეებსა და ინოვაციური პროექტების მოდელებს, რომლებიც პროგრამის დასკვნით ეტაპზე ჟიურის წინაშე წარადგინეს. ყველა მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატი. ინოვაციების საზაფხულო სკოლა ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას, იდეა რეალურ პროექტად აქციონ და სტარტაპის შექმნისთვის საჭირო პრაქტიკული გამოცდილება მიიღონ.

აღნიშნული საზაფხულო სკოლა, KIU-ს და GITA-ს  შორის არსებული თანამშრომლობის ფარგლებში, ყოველწლიურად ხორციელდება. მასში, 2021 წლიდან, KIU-ს 250-ზე მეტი სტუდენტი მონაწილეობდა. პროგრამის მიზანია ახალგაზრდებში ინოვაციური და სამეწარმეო უნარების განვითარება და მათი ჩართულობის გაზრდა საქართველოს სტარტაპ და ინოვაციების ეკოსისტემაში.