1781699603
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ფილდსის მათემატიკურ მეცნიერებათა კვლევითი ინსტიტუტის აფილირებული უნივერსიტეტის სტატუსი მიიღო
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (KIU), მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან, კანადაში დაფუძნებულ ფილდსის მათემატიკურ მეცნიერებათა კვლევით ინსტიტუტთან (Fields Institute for Research in Mathematical Sciences) თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა, რომლის საფუძველზე KIU-მ აღნიშნული კვლევითი ცენტრის აფილირებული უნივერსიტეტის სტატუსი მიიღო. პარტნიორობა KIU-ს შესაძლებლობას აძლევს, კიდევ უფრო გააფართოოს თანამშრომლობა საერთაშორისო სამეცნიერო და საგანმანათლებლო სივრცესთან, ჩაერთოს ერთობლივ კვლევით ინიციატივებში და საკუთარი წვლილი შეიტანოს მათემატიკური და ზუსტი მეცნიერებების განვითარებაში.
დღეს გამართულ ონლაინ შეხვედრაზე, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის აღმასრულებელმა დირექტორმა/რექტორმა ვახტანგ ცაგარელმა, ფილდსის მათემატიკურ მეცნიერებათა კვლევითი ინსტიტუტის დირექტორს, პროფესორ დეირდრე ჰასკელს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა. შეხვედრას KIU-ს კანცლერი ლევან კოპალიანი, მათემატიკის სკოლის ხელმძღვანელი, პპროფესორი რამაზ ბოჭორიშვილი და KIU-ს პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, გიორგი ნიკოლაძის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი ალექსანდრე მესხი დაესწრნენ.
მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმება ითვალისწინებს: ქართველი სტუდენტებისა და მკვლევრების საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებასთან დაახლოებას; ერთობლივი კვლევითი პროექტების განხორციელებას; საერთაშორისო კონფერენციების, სემინარებისა და საგანმანათლებლო ღონისძიებების ორგანიზებას. ამასთან, პარტნიორობა გაზრდის უნივერსიტეტის შესაძლებლობებს, მოიზიდოს უცხოელი მეცნიერები, მკვლევრები და სტუდენტები, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში თანამედროვე სამეცნიერო მიმართულებების კიდევ უფრო გაძლიერებას.
ამასთან, შეთანხმების მიხედვით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სახელი და ლოგო განთავსდება ფილდსის ინსტიტუტის ოფიციალურ ვებგვერდზე, საინფორმაციო ბიულეტენებსა და ყოველწლიურ ანგარიშებში, რაც KIU-ს ცნობადობის გაზრდასა და მისი სამეცნიერო-აკადემიური შესაძლებლობების პოპულარიზაციას მოემსახურება. აფილირებული უნივერსიტეტის სტატუსი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია KIU-ს ბაზაზე ახლად დაფუძნებული, გიორგი ნიკოლაძის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრისთვის. თანამშრომლობა ცენტრს საშუალებას მისცემს, დაამყაროს კავშირები მსოფლიოს წამყვან მეცნიერებთან, მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო კვლევით ინიციატივებში და შექმნას ხელშემწყობი პირობები ახალგაზრდა ქართველი მკვლევრების მხარდასაჭერად. აღსანიშნავია, რომ თანამშრომლობის პირველი პრაქტიკული ნაბიჯი უკვე გადადგმულია. კერძოდ, ფილდსის ინსტიტუტმა და მასთან აფილირებულმა სხვა უნივერსიტეტებმა, გიორგი ნიკოლაძის სახელობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან თანამშრომლობით, უკვე დაგეგმეს KIU-ში რეგიონალური საზაფხულო სკოლა სტუდენტებისათვის - „მათემატიკა ხელოვნური ინტელექტისათვის”, რომელიც სექტემბერში გაიმართება. მის საორგანიზაციო კომიტეტში შედიან პროფესორი დეირდრე ჰასკელი და გიორგი ნიკოლაძის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი ალექსანდრე მესხი.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი განაგრძობს საერთაშორისო პარტნიორული ქსელის გაფართოებას და მსოფლიოს წამყვან საგანმანათლებლო-კვლევით ინსტიტუტებთან თანამშრომლობის გაღრმავებას, რაც ემსახურება უნივერსიტეტის მნიშვნელოვან მისიას, ხელი შეუწყოს საქართველოში საერთაშორისო სტანდარტების განათლების, მეცნიერების, კვლევისა და ინოვაციების განვითარებას.










